ლევან მაჭავარიანი – არ მაინტერესებს, რას ამბობს ჯო უილსონი, მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩადის, ისევე როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერები
არ მაინტერესებს, რას ამბობს ჯო უილსონი, რადგან არასერიოზულია, ეს ადამიანი ლობიზმით ფულს აკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩადის, ისევე, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნების, მათ შორის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის ლიდერები.
„სხვათა შორის ჯო უილსონი ინაუგურაციის დროს ბილეთებით და დროშებით ვაჭრობდა. ამდენად, საუბარი გვაქვს მდაბიო და არასერიოზულ ადამიანზე. ირანი რეგიონში ჩვენი მეზობელია. მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩადის, ისევე, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნების, მათ შორის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის ლიდერები. ყველაფერი ლოგიკურია. მიხეილ ყაველაშვილის ირანში ჩასვლაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ფართო რეგიონის ჭრილში, მეზობლები ვართ და ირანში ჩადის ყველა მეზობელი ქვეყნის ლიდერი და არამხოლოდ ყაველაშვილი.
რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობას, ეს პრიორიტეტულია და ჩვენი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. აშშ-მა ეს ყველაფერი კარგად იცის. იციან, რომ მზად ვართ, გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც იქნება ორივე მხარის ინტერესები. ჯო უილსონი არავის აინტერესებს, ის აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ აყალიბებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე დიდი მოძულეები იკრიბებიან, „ქართული ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გეგმავს დასწრებას, რათა ირანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უკიდურესად ანტიამერიკული პაქტი კიდევ უფრო განამტკიცოს.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება.