ლევან კუტალია - იყო სხვა წინადადებები, მაგრამ „ჰაპოელი“ რომ გამოვიდა კავშირზე, არც დავფიქრებულვარ
ლევან კუტალია - იყო სხვა წინადადებები, მაგრამ „ჰაპოელი“ რომ გამოვიდა კავშირზე, არც დავფიქრებულვარ
ლევან კუტალიამ, რომელიც თელ-ავივის „ჰაპოელის“ ფეხბურთელი გახდა, პირველი კომენტარი საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გააკეთა.
„ტრანსფერზე ჩემმა მეგობარმა და აგენტმა ბაჩანა ცხადაძემ იმუშავა და ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთ ისტორიულ კლუბში რომ მოვხვდი. ყველაფერს გავაკეთებ, გუნდს წარმატებაში რომ დავეხმარო“ – ამბობს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ლევან კუტალია.
მისი თქმით, რამდენიმე სხვა შემოთავაზება ჰქონდა: „იყო სხვა წინადადებები. ჩემი აგენტი ამ ვარიანტებს განიხილავდა, მაგრამ როდესაც კავშირზე თელ-ავივის „ჰაპოელი“ გამოვიდა და ჩემი დამატების სურვილი გამოთქვა, ჩვენ არც დავფიქრებულვართ, ეს ნაბიჯი ისე გადავდგით“.
ლევან კუტალია დარწმუნებულია, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა: „დარწმუნებული ვარ, რომ კარიერული თვალსაზრისით, ეს წინგადაგმული ნაბიჯია. დიდი კლუბია, რომლის გულშემატკივარიც ძალიან თბილად დამხვდა. ვარჯიშზე ბევრი ხალხი მოვიდა და ეს სითბო ვიგრძენი. ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა“.
საქართველოს პირველი არხთან ფეხბურთელმა არ დამალა, რომ თელ-ავივის „ჰაპოელის“ დახმარებით შემსუბუქებულ კარანტინში ყოფნას მიაღწია: „ჩამოსვლის მერე კარანტინში ვიმყოფები. მაგრამ მომცეს უფლება, რომ შენობიდან გავიდე და ვივარჯიშო. ასე გაგრძელდება 3 აგვისტომდე. მერე კარანტინის რეჟიმი მიმთავრდება და კლუბთან ერთად ჩვეულებრივ სავარჯიშო რიტმში გადავალ“.
ლევანის თქმით, ისრაელში გადაფრენა ურთულესი აღმოჩნდა: „ისრაელში ჩამოსვლა რთული იყო. მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო, პანდემია გამოცხადდა და ნებისმიერ ქვეყანაში გაფრენა რთული იყო, მათ შორის, ისრაელშიც. მაგრამ კლუბმა ყველაფერი გააკეთა, ჩვენი საკონსულოც ჩაერთო და ჩემო ცამოსვლსი ორგანიზება მოხდა“.
თელ-ავივის „ჰაპოელის“ ოფიციალური გვერდის ცნობით, ქართველმა თავდამსხმელმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.