ლევან კორღალიძე „დინამოსთან“ მსაჯობამ აღაშფოთა - ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სირაქლემას პოზაში ყოფნას არ ვაპირებ [ვიდეო] #1TVSPORT
ლევან კორღალიძე „დინამოსთან“ მსაჯობამ აღაშფოთა - ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სირაქლემას პოზაში ყოფნას არ ვაპირებ [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისური დერბი „დინამოს“ და „საბურთალოს“ შორის 4:3 დასრულდა და მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა.

81-ე წუთზე, მთავარი არბიტრის, გოგა კიკაჩეიშვილის გადაწყვეტილებამ „საბურთალოს“ უკმაყოფილება გამოიწვია. „საბურთალოს“ შემტევმა, აკაკი შულაიამ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა – იური ტაბატაძე თავით დარტყმას ცდილობდა, როდესაც ბურთი საბა ხვადაგიანს ხელზე მოხვდა.

სტუმრები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ მაგრამ მთავარმა არბიტრმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა და თამაში გააგრძელა. ამას „საბურთალოსგან“ მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მაგრამ გოგა კიკაჩეიშილმა თამაში გააგრძელა, რამაც „საბურთალოს” ანგარიშის გათანაბრების შანსი წაართვა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ კი სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

„სტატუსების წერა არ მჩვევია, მაგრამ გუშინ რაც ცირკი დადგეს და კონკრეტულად, კიკაჩეიშვილმა, არ შემეძლო არ დამეწერა. ბოდიშს გიხდით წინასწარ თუ რამე ზედმეტი მომივა. ასეთ უსამართლობაში და არათანაბარ ბრძოლაში მე აღარ ვაპირებ გაჩერებას. არასდროს სხვისთვის არ დამიბრალებია წაგება ან რამე იმედგაცრუება, მაგრამ უკვე დროა ხმა ამოვიღოთ. მიმაჩნდა შარშან „ლოკომოტივიდან“ რომ წამოვედი, გადაწყვეტილება, რაც კლუბმა მიიღო ჩემთვის უსამართლო იყო და მეყო კაცობა და დავტოვე კლუბი, მიუხედავად იმისა რომ დიდ პატივს ვცემდი და დღესაც ვცემ „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობას. ჩემი პრინციპი ყველას და ყველაფერზე მაღლა იდგება. ეს ის შემთხვევაა, სადაც ჩემი პატიოსნება და პრინციპი შეილახა არაკომპეტენტური პირის გამო“, – წერს კორღალიძე.

„საბურთალოს“ მწვრთნელი პრეტენზიას აკონკრეტებს:

„მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს დავუთმე. საქმეში იმდენად ვარ ჩართული, არც ოჯახი ვიცი და არც მეგობარი, და არავის მივცემ იმის უფლებას, ასე არასამართლიანად მომექცეს. თურმე პატიოსნად შრომა არ არის საკმარისი რამეს რომ მიაღწიო. ან „დინამოს“ რაში სჭირდება ესეთი ჩემპიონობა და მოგება. ნამდვილად აღარ ვაპირებ გაჩუმებას. ჩავყვები ბოლომდე, სანამ სამართალს არ ვიპოვი.

შარშან ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი აჩიკო ბერიძე (რომელიც ამხელა ინვესტიციებს დებს შრომას და ნერვებს ამ საქმეში) აპირებდა ზუსტად ამ ადამიანის გამო ფეხბურთიდან წასვლას. ზუსტად ეგ განცდა მაქვს ახლა, რომ მეც და „საბურთალოც“ უსამართლობის მსხვერპლი ვართ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სირაქლემას პოზაში ყოფნას არ ვაპირებ! მადლობა და ბოდიშს გიხდით თუ ზედმეტად გულახდილი ვიყავი“, – წერს ლევან კორღალიძე.