„საბურთალოს“ სამი გოლი ქულისთვისაც არ ეყო - „დინამომ“ სეზონის ყველაზე სანახაობრივი მატჩი მოიგო #1TVSPORT
„საბურთალოს“ სამი გოლი ქულისთვისაც არ ეყო - „დინამომ“ სეზონის ყველაზე სანახაობრივი მატჩი მოიგო #1TVSPORT

მწირგოლიანი მე-3 ტურის შემდეგ (სულ 2 გოლი გავიდა), ეროვნული ლიგის მე-4 ტური უხვგოლიანი გამოდგა. სარეკორდო, „დინამო არენაზე“ ლიდერების მატჩი გამოდგა – „დინამო თბილისმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და სეზონის ყველაზე უხვგოლიან და სანახაობრივ მატჩში გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი ძალიან სახალისო გამოდგა. მეტოქეებმა ოთხი გოლი გაიტანეს და ორმა მოთამაშემ დუბლი შეასრულა. „დინამო“ ორჯერ სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა დააწინაურა. მაგრამ სტუმართაგან ორივეჯერ ანგარიში გაათანაბრა 20 წლის შოთა ნონიკაშვილმა, რომელმაც ეროვნულ ლიგაში პირველად გაიტანა და პირველი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ორივეჯერ ნონიკაშვილმა სტანდარტის გათამაშების შემდეგ გაიტანა და ორივე ყოფილმა „დინამოელმა“ აკაკი შულაიამ შეასრულა.

მეტოქეებმა მეორე ტაიმშიც გახსნილი ფეხბურთი ითამაშეს. „დინამომ“ ზედიზედ ორჯერ გაიტანა – 54-ე წუთზე „საბურთალოს“ კარში დანიშნული პენალტი გიორგი გაბედავამ გამოიყენა 3:2. 69-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა გიორგი პაპავამ ეფექტური შორეული დარტყმით „დინამოს“ უპირატესობა გაზარდა 4:2. მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა „საბურთალოს“ შემტევმა იური ტაბატაძემ სხვაობა ისევ მინიმუმამდე შეამცირა 4:3.

საბოლოოდ, „დინამომ“ 4:3 მოიგო, 7 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „საბურთალო“ 5 ქულით მე-4 პოზიციაზე დაქვეითდა.

 

დინამო თბ – საბურთალო 4:3

14.03.2021 – თბილისი – „დინამო არენა“

 

გოლები: 1:0 მარუშიჩი (5. რადინის პასით), 1:1 შ. ნონიკაშვილი (16. თ. ტაბატაძის პასით), 2:1 მარუშიჩი (31), 2:2 შ. ნონიკაშვილი (45+3. შულაიას პასით), 3:2 გაბედავა (54. პ), 4:2 პაპავა (69. ქარდავას პასით), 4:3 ტაბატაძე (71. ტერას პასით)

 

დინამო თბ: კვასხვაძე – ხვადაგიანი, ბენიო, მონხილისპორკსლედე (83. იაშვილი), რადინი, მექვაბიშვილი (90+1. კუცია), კობოური – გაგნიძე (62. პაპავა), მარუშიჩი (83. თ.ახვლედიანი), გაბედავა (62. ქარდავა)

მთავარი მწვრთნელი: ზაურ სვანაძე

 

საბურთალო: მეგრელიშვილი – მალი, კაკუბავა, ცნობილაძე (35. ჯინჯოლავა), ლაცაბიძე – შ. ნონიკაშვილი (86. ამინუ), ტერაშულაია (86. გოჩოლეიშვილი), მანდრიჩენკო (62. ლ. ნონიკაშვილი), გულიაშვილი (62. ი. ტაბატაძე) – თ. ტაბატაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

 

მთავარი არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

გაფრთხილებები: მექვაბიშვილი (18), კობოური (48), მანდრიჩენკო (52), მონხილი (73), მალი (85), პაპავა (89)