ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრებზე - თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, წარმატებას აქამდე რომ ვერ მივაღწიეთ
ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრებზე - თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, წარმატებას აქამდე რომ ვერ მივაღწიეთ

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დღეა – 30 წლის წინ, 1990 წლის 27 მაისს, გუნდმა თავის ისტორიაში პირველი შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენაზე“ ლიეტუვასთან ამხანაგურად გამართა და მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულა.

საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო შედეგი 2018 წელს, ერთა ლიგის „დ“ დივიზიონში აჩვენა – ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ჯვაროსნებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეიოფში მონაწილეობის უფლება მიიღეს. ეს იყო პირველი შემთხევვა, როდესაც გუნდი ჯგუფიდან გავიდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საქართველოს პირველ არხთან ამბობს, რომ გუნდს წარმატების მიღწევა ადრეც შეეძლო.

„რა თქმა უნდა, დიდი სურვილი იყო, რომ წარმატებისთვის ნაკრებს მანამდე მიეღწია. ამის გამო თვითკრიტიკულებიც უნდა ვიყოთ, რომ ეს აქამდე ვერ შევძელით“ – ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

კობიაშვილის თქმით, ნაკრებს ახლა გაუჩნდა შანსი, გულშემატკივარი გაახაროს: „გვაქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ საიუბილეო თარიღი ღირსეულად აღვნიშნოთ – ერთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას ვგულისხმობ. მე მჯერა ჩვენი გუნდის მოთამაშეებისა და თითოეული იმ ადამიანის, რომელიც ქართულ ფეხბურთს ემსახურება“.

სფფ-ს პრეზიდენტის თქმით, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის, ეროვნული ჩემპიონატისა და საქართველოს ნაკრების დაარსებიდან 30 წლის აღნიშვნას ხელი კორონავირუსმა შეუშალა:

„2020 მნიშვნელოვანი წელი და თარიღია დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთისთვის და ფეხბურთის ფედერაციისთვის. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ წელს ბევრი აქტოვობა გვქონდა დაგეგმილი. სამწუხაროდ, ჩანაფიქრებს პანდემიიდან გამომდინარე ვერ ვახორციელებთ. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ერთა ლიგის პლეიოფის მატჩებია და იმედია, ჩვენი ნაკრები ქვეყანას გაახარებს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე ორი მატჩი აშორებს – ერთა ლიგის ნახევარფინალი ბელარუსთან, რომელიც 26 მარტს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადითაა გადატანილი. წარმატების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს წყვილის გამარჯვებულს ფინალში შეხვდება.