ლევან კობიაშვილი - სტეფანწმინდაში არაჩვეულებრივი პროექტი განხორციელდა
ლევან კობიაშვილი - სტეფანწმინდაში არაჩვეულებრივი პროექტი განხორციელდა

ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს პროექტს „ყველა სოფელს და ქალაქს სტადიონი“ – ამჯერად, მოედანი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში გაიხსნა.

წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში ახალი საფეხბურთო მოედნის გახსნას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ვეტერან ფეხბურთელებთან ალექანდრე ჩივაძესთან, გიორგი ნემსაძესთან და გოჩა ჯამარაულთან ერთად დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები გიორგი ასანიძე და ლაშა ტალახაძე.

მოედანი სტეფანწმინდისა და ხობის მთავარეპისკოპოსის მეუფე იეგუდიელისა და დარიალის მონასტრის წინამძღოლის მამა იოსების ინიციატივით მოეწყო, სადაც გიმნაზიის მოსწავლეების გარდა, მთელი რეგიონის მოსახლეობას შეეძლება ფეხბურთის თამაში.

„დღეს, სტეფანწმინდას და რეგიონს ახალი საფეხბურთო მოედანი შეემატა. ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა და ბევრად მეტს ნიშნავს, რადგან, წარმოშობით სწორედ ამ რეგიონიდან ვარ. მიხარია, რომ ეს არაჩვეულებრივი პროექტი განხორციელდა. ახალი მოედანი მნიშვნელოვანია ფეხბურთის პოპულარიზაციისა, ხელშეწყობისთვის და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს ითამაშონ ფეხბურთი, იცხოვრონ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესით. ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ყველა რეგიონს, რათა ახალგაზრდა თაობას ფეხბურთის თამაშის საშუალება მიეცეს. განსაკუთრებული მადლობა მეუფე იეგუდიელს და მამა იოსებს, რომლებმაც უდიდესი შრომა გასწიეს და რეგიონისთვის უდიდესი საქმე გააკეთეს“, – ამბობს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

ლევან კობიაშვილმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა გიმნაზიას სიმბოლურად ეროვნული ნაკრების სახელობითი მაისურები გადასცეს. ამას გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გიმნაზიის მოსწავლეებს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები, ფორმები და სხვადასხვა ინვენტარი გადასცა.

ფოტო – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია