ლევან კობიაშვილი – გვიხარია, რომ ფიფა-ს ახალი პროექტის განხორციელება საქართველოდან დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში განახლებული მოედნის გახსნაზე, რომელიც ფიფა-ს პროექტის, „ფიფა არენას“ ფარგლებში განხორციელდა.
„ნებისმიერი საფეხბურთო მოედანი, რომელიც საქართველოში კეთდება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გვიხარია, რომ ახალი პროექტი „ფიფა არენა“, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავს, პირველად სწორედ საქართველოში განხორციელდა. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი ვითარდება და ამაში ფიფა-ს ძალიან დიდი დამსახურებაა.
მათი მხარდაჭერით საქართველოში უამრავი პროექტი განხორციელდა. გვეამაყება, რომ სწორედ ჩვენ გამოგვარჩიეს და „ფიფა არენას“ განხორციელება საქართველოდან დაიწყო. ეს დამატებითი მოტივაციაა ბავშვებისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშონ, ისიამოვნონ სპორტის ამ არაჩვეულებრივი სახეობით და მომავალში ქვეყანა ასახელონ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აუცილებლად გააგრძელებს გზას, რომელმაც დაგვანახა, თუ როგორც შეიძლება მოვუტანოთ წარმატება ქართულ ფეხბურთს ინფრასტრუქტურისა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებით. მინდა, მადლობა გადავუხადო სტუმრებს ფიფა-დან, რომლებიც თბილისში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ და აგრეთვე, პირადად პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს, ჩვენი ქვეყნის ასეთი მხარდაჭერისთვის“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.