ლევან კობიაშვილი - გლდანის სტადიონს რამდენიმე დღეში ამხანაგური მატჩით გავხსნით
ლევან კობიაშვილი - გლდანის სტადიონს რამდენიმე დღეში ამხანაგური მატჩით გავხსნით

გლდანში, მე-5-სა და მე-7 მიკრორაიონებს შორის მდებარე ტერიტორიაზე მალე ახალი სტადიონი გაიხსნება – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

ძველი სტადიონი მძიმე მდგომარეობაში იყო და თბილისის მერიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მისი განახლების პირობით გადასცა. მშენებლობა 2019 წლის 8 ნოემბერს დაიწყო და დასრულება 2020 წლის დეკემბერში იგეგმებოდა, მაგრამ უფრო ადრე მოესწრო.

„მიხარია, რომ შარშან დაწყებული პროექტი გეგმის მიხედვით ხორციელდება. სპორტულ კომპლექსს ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, მოყვარულთა და ქალთა გუნდები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ. პროექტი ფეხბურთის ფედერაციის და ჩვენი პარტნიორების, უეფა-ს და ფიფა-ს მხარადჭერით დაფინანსდა. ჩვენი მიზანია, მსგავსი ინფრასტრუქტურა დედაქალაქში ყველა უბანში იყოს, რომ ბავშებმა სახლთან ახლოს ივარჯიშონ და სხვაგან სიარული არ მოუხდეთ. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და სტადიონს რამდენიმე დღეში ამხანაგური მატჩით გავხსნით“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

საფეხბურთო ცენტრში ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი დააგეს – სტანდარტული ზომით 108 x 72 მ-ია და 200 მაყურებელზე გათვლილი გადახურული ტრიბუნა აქვს. მეორე, მინი მოედანი ბავშვებზეა გათვლილი. აშენდა ადმინისტრაციული შენობა, გასახდელებით და საშხაპეებით და 230-250-ლუქსიანი განათება დამონტაჟდა, სადაც საღამოს თამაშების ჩატარება შესაძლებელი იქნება.

კობიაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში სტადიონის მშენებლობის გარდა, ტერიტორიის კეთილმოწყობაც მოხერხდა.

„სტადიონთან მისასვლელი გზაც კეთდება, რაც მოსახლეობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. საერთოდ, მიხარია, რომ ტერიტორია, რომელიც წლებია ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, გლდანში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი იქნება. ეს ფეხბურთის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. მეამაყება, რომ გლდანში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, არაჩვეულებრივი პროექტი ხორციელდება“.