ევროტურნირები დიდი პრობლემის წინაშეა - ლევან კობიაშვილი განმარტავს
ევროტურნირები დიდი პრობლემის წინაშეა - ლევან კობიაშვილი განმარტავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა, რომ ​კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა უეფას ​ტურნირებისა და მატჩების ორგანიზებაში სერიოზულ პრობლემას უქმნის.

„უეფას ხელმძღვანელობა ამ ყველაფერს (პანდემიის შემდგომ ფეხბურთში დატრიალებულ მოვლენებს) ძალიან განიცდის და დიდი გაურკვევლობაშია”, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

„ევროპაში პანდემიასთან დაკავშირებით ძალიან ცუდი პროგნოზებია. როგორ ჩატარდება ევროთასების გათამაშება?“ – ამ კითხვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს გადაცემა „ტაიმაუტისთანაწამყვანმა, საფეხბურთო ექსპერტმა ვლადიმერ გუცაევმა მიმართა.

ლევან კობიაშვილი: „ზოგიერთ ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა. მალე უეფას ვიდეოკონფერენცია გაიმართება და მას შემდეგ ბევრი რამ გვეცოდინება. პირველი – შეხვედრას გუნდი როგორ უმასპინძლებს. ეს იქნება ერთმატჩიანი მატჩი, მაგრამ უეფას პრობლემას მგზავრობის საკითხებში არსებული გაურკვევლობა უქმნის, რადგან ბევრ ქვეყანას ერთმანეთთან საზღვრები გახსნილი არ აქვს“.

როგორია სფფ-ს პოზიცია, სჯობს ევროთასებზე მეტოქე გუნდს ვუმასპინძლოთ თუ ვესტუმროთ? კობიაშვილმა ამაზეც ილაპარაკა: „რასაკვირველია, სპორტული კუთხით გვირჩევნია, რომ თამაშებს ვუმასპინძლოთ. პრობლემები გასვლის შემთხვევაშიც იქნება და სტუმრის მიღების დროსაც – მათი ჩამოყვანა, მატჩის ორგანიზება, გუნდის დახურულ სივრცეში დაბინავება, ტესტირება და ა.შ. ადვილად მოსაგვარებელი არ იქნება. ამიტომ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს“.

თუ ფეხბურთელს ვირუსი აღმოაჩნდა, განიხილავს თუ არა უეფა ვარიანტს, რომ გუნდს თამაშის ჩვეულებრივ გაგრძელების საშუალება მისცეს? სფფ-ს პრეზიდენტის თქმით, ეს მხოლოდ უეფას გადასაწყვეტი არაა: „მგონია, უეფას ძალიანაც რომ სურდეს, ამას თავად ვერ გადაწყვეტს, რადგან ყველა ქვეყანას თავისი რეგულაცია გააჩნია. უეფა დიდი პრობლემის წინაშე დგას. ევროთასების წილისყრა 9 და 10 აგვისტოსაა, თამაშები კი 17-18 და 27 აგვისტოს ტარდება. ანუ საორგანიზაციო, სავიზო და გადაადგილების პრობლემების მოსაგვარებლად მასპინძელ მხარეს სულ რაღაც 10-დღიანი შუალედი აქვს. მოკლედ, ბევრი რამ იქნება მოსაგვარებელი“.

ლევან კობიაშვილი – უეფა გვეთათბირება, რომ საქართველომ პრობლემურ თამაშებს უმასპინძლოს (ექსკლუზივი)