ლევან კობიაშვილი - ფეხბურთი მაქსიმალურად მასობრივი უნდა გავხადოთ #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - ფეხბურთი მაქსიმალურად მასობრივი უნდა გავხადოთ #1TVSPORT

ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა სპორტის უნივერსიტეტსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ეს თანამშრომლობა მწვრთნელების გაზრდას შეუწყობს ხელს.

„მემორანდუმი ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ მიღწეული შეთანხმებით სტუდენტებს საშუალებას ვაძლევთ ყოველდღიურ საფეხბურთო ცხოვრებაში ჩაერთონ. მათ საშუალება ექნებათ, მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი სრულიად უფასოდ გაიარონ. ამ გზით კი, ქართულ ფეხბურთში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის ინტეგრირება მოხდება“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ამ კურსების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

„ფეხბურთის ფედერაციისთვის განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, აქედან გამომდინარე, მიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა სპორტის უნივერსიტეტთან კიდევ უფრო გაღრმავდა. ვაკის საფეხბურთო ცენტრი სწორედ აღნიშნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ავაშენეთ. ეს კი საშუალებას გვაძლევს, რომ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ და ჩვენ ქვეყანაში მაქსიმალურად მასობრივი გახდეს“.

მემორანდუმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სპორტის უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სიით, კურსდამთავრებულების და აქტიური სტუდენტების, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე ჩართულობას სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.