ლევან კობიაშვილი - ჩვენც და სანიოლიც თანამშრომლობას იმედიანად ვუყურებთ
ლევან კობიაშვილი - ჩვენც და სანიოლიც თანამშრომლობას იმედიანად ვუყურებთ

ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებში დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი ლევან კობიაშილმა გააკეთა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა 43 წლის ფრანგ სპეციალისტთან კონტრაქტის გაფორმებაზე ილაპარაკა.

„რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს – როგორც იცით, ფრანგი ვილი სანიოლი დაინიშნა და დღეს, აღმასკომის სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. შესაბამისად, ის ჩვენს ნაკრებს შემდეგი თამაშებიდან უხელმძღვანელებს. ძალიან მოხარულები ვართ, რომ მასთან შეთანხმება მოვახერხეთ“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ფრანგი სპეციალისტის დანიშვნის მოტივები ახსენა: „როგორც ფეხბურთელი, სანიოლი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო. თუ მის ფეხბურთის შემდგომ კარიერასაც გადავხედავთ, ასევე წარმატებულად მუშაობდა, იყო საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი, ავარჯიშებდა „ბორდოს“, „ბაიერნში“ ანჩელოტის თანაშემწედ მუშაობდა და საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია“.

კობიაშვილის თქმით, ფრანგი საქმიანობას ენთუზიაზმით ეკიდება: „ასევე გვიხარია, რომ სანიოლიც თვლის, რომ ეს მისთვის წარმატებული, წინგადადგმული ნაბიჯია და თანამშრომლობას ორივე მხარე იმედიანად ვუყურებთ“.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გულშემატკივრებს 15 თებერვალიც მიულოცა: „დღეს 15 თებერვალია, ქართულ ფეხბურთს დაბადების დღე და უპირველესად, ამ დღეს მოგილოცავთ – დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს 31 წელი შეუსრულდა. მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში მას ემსახურებოდა, ეს თარიღი მივულოცო და წარმატება ვუსურვო“.

დატოვე კომენტარი