ლევან კობიაშვილი - ახალი სტადიონების მშენებლობა გაგრძელდება
ლევან კობიაშვილი - ახალი სტადიონების მშენებლობა გაგრძელდება

ფოთში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნაზე სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

„ამაყი ვარ ამ პროექტით, რამდენიმე წლის წინ, პირადად ვიმყოფებოდი ამ ადგილზე და ვნახე, თუ რა პირობებში უწევდათ ბავშვებს ფეხბურთის თამაში. თავადვე ნახეთ შემოსასვლელში სტადიონის ძველი ფოტოები. მაშინ საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდი, რომ აქ ფეხბურთის ფედერაცია მოედანს შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოაწყობდა. ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ფოთს ექნება ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში აკლდა“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

მისი თქმით, ახალი საფეხბურთო ცენტრი რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია:

„აღსანიშნავია, რომ ახალ სტადიონზე ადგილობრივი მოყვარულთა და ქალთა კლუბები ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ, მოწესრიგებული, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის პირობებში, აუცილებლად გაიზრდება ფეხბურთში ჩართული ადამიანების რაოდენობა. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის – განვავითაროთ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ ფეხბურთისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრები წესის პოპულარიზაციას“.

სფფ-ს პრეზიდენტმა ინფრასტრუქტურული გეგმები ახსენა:

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად ახორციელებს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობას მთელი საქართველოს მასშტაბით. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში აშენდა არაერთი აკადემია, სტადიონი და საფეხბურთო ცენტრი. რამდენიმე დღეში გაიხსნება საფეხბურთო აკადემია გვიმბალაურში, უახლოეს მომავალში, კიდევ ერთი საფეხბურთო აკადემია დაიწყებს ფუნქციონირებას რუხში. ამას გარდა მიმდინარეობს საფეხბურთო ცენტრების მშენებლობა თბილისის სხვადასხვა უბნებში“.

მისი თქმით, ამ პროექტებში ფეხბურთის ფედერაცია სახელწიფოს ფულს არ სთხოვს:

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღნიშნული პროექტები სრულად ფინანსდება მოზიდული ინვესტიციებით. ფოთის საფეხბურთო ცენტრი სფფ-ს, უეფას პროგრამა ჰეთ-თრიკისა და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა. მაგრამ ამ არაჩვეულებრივ საქმეში ხელშეწყობისთვის სახელმწიფოს და ადგილობრივ ხელისუფლებას დიდი მადლობა უნდა გადავუხადო“.

ფოთის საფეხბურთო ცენტრში მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი განათებით, ტრიბუნით, გასახდელებითა და ადმინისტრაციული შენობით. მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა ჰეთ-თრიქისა და ფიფას პროგრამა ფორვარდის თანდაფანინანსებით განხორციელდა.