ლევან კობიაშვილი - 12 ნოემბრის თამაში უდიდესი ტკივილი იყო
ლევან კობიაშვილი - 12 ნოემბრის თამაში უდიდესი ტკივილი იყო

„წლის დასაწყისში ყველა ერთმანეთს ვუსურვებდით, რომ საუკეთესო წელი ყოფილიყო. მაგრამ ასეთი ნამდვილად არ იყო“, – ასე იწყება ლევან კობიაშვილის საახალწლო ინტერვიუ, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა 2020 წელი შეაფასა.

„ფეხბურთმა დაკარგა ის, რაც ყველაზე ძვირფასია და განსაკუთრებულს ხდის – მაყურებელი. რასაც ვუყურებდით, ის ფეხბურთი არ იყო, რის გამოც გვიყვარს. კორონამ აბსოლუტურად შეცვალა ყველაფერი. ჩვენც აბსოლუტურად სხვა გეგმები გვქონდა და ფორმატის შეცვლა და 2 ტურის შემდეგ სეზონის გადაწევა მოგვიხდა. თუმცა, მოვახერხეთ და პირველი სახეობა ვიყავით, რომელმაც ტურნირები განაახლა და შემდეგ მაყურებელიც დაუშვა. ჩვენ აბსოლუტურად ყველა ტურნირი ჩავატარეთ“, – ამბობს კობიაშვილი.

მან ქალთა ფეხბურთზე ილაპარაკა:

„ჩემპიონატი გვაქვს, გუნდების რაოდენობა იზრდება და ყოველ ზაფხულში ვატარებდით არაჩვეულებრივ პროექტს, გოგონების საზაფხულო კეპმს. ამის შედეგია, რასაც „ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მიაღწია. ამით ბედნიერები ვართ და გვეამაყება. ჩვენ ამ პროექტებს მომავალშიც გავაგრძელებთ და დარწმუნებული ვარ, ფეხბურთს უფრო მეტი გოგონა ითამაშებს“.

სფფ-ს პრეზიდენტმა საფეხბურთო მენეჯმენტში რესურსის გაზრდის აუცილებლობა ახსენა:

„ჩვენ გვჭირდება ადამიანური რესურსი, რომლებიც კლუბებს ემსახურებიან – კვალიფიციური მენეჯერები, მწვრთნელები და ყველა იმ მიმართულების სპეციალისტები, რომელთა გაზრდასაც ფეხბურთის ფედერაცია წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტების განხორციელებით ხსნის. ამაში ჩვენი პარტნიორები, უეფა და ფიფა გვეხმარებიან. ჩვენთან მენეჯერების სემინარი უეფა-მ ჩაატარა და ჩვენს ვერსიასაც ვატარებთ. ასეთი პროექტების შედეგად, საქართველოში ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი სპეციალისტია, რომელსაც ცოდნა და კვალიფიკაცია აქვს“.

სფფ-ს პრეზიდენტმა წლის მთავარ იმედგაცრუებას გვერდი არ აუარა: 

„რასაკვირველია, 2020 წლის ყველაზე დიდი იმედგაცრუება და ტკივილი 12 ნოემბრის თამაში იყო. ბოლო ნაბიჯი, რომელსაც ჩვენი 30 წლის ოცნება უნდა აეხდინა, ძალიან მძიმე გამოდგა. იყო პრობლემები – სამწუხაროდ, გულშემატკივრები არ იყვნენ და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისი იყო. თამაში ვერ მოვიგეთ და ამან თითოეული ჩვენთაგანი ძალიან დაგვაზიანა. პირველად მოგვიხდა ფინალში თამაში. ეს მოთამაშეებისთვის ძალიან რთული იყო, რადგან ესმოდათ, რამხელა პასუხისმგებლობა იყო, ამის უკან რა იდგა – ქვეყნის ინტერესი, წარმატება. საბოლოოდ, შედეგს ვერ მივაღწიეთ, თუმცა, გამოცდილება მივიღეთ. ფეხბურთში კი გაქვს შანსი, ბევრი რამ გამოასწრო. ჩვენი შანსია, 2021 წელი იყოს ბევრად უკეთესი წელი, ვიდრე იყო. მინდა ჩვენს ნაკრებს, ფეხბურთში ჩართულ ყველა ადამიანს და ქართულ ფეხბურთს ვუსურვო, რომ 2021 საუკეთესო წელი იყოს“.

დატოვე კომენტარი