ლევან კობერიძე - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობა „გადააგდო“
ლევან კობერიძე - „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობა „გადააგდო“

დღეს განვითარებული მოვლენები არის ხელოვნური და მართული პროცესი, ეს დადგმული სპექტაკლია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ პროპორციული სისტემის პროექტის ჩავარდნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ყველაზე ცუდი, რაც არის ამ დადგმული სპექტაკლით, რეალურად, საქართველოს მოსახლეობა უბრალოდ „გადააგდო“ „ქართულმა ოცნებამ“, რადგან კონსოლიდირებული მოთხოვნა იყო მთელი საზოგადოების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის. „ქართული ოცნება“ თვალთმაქცობდა და ამბობდა, რომ რეალურად ისიც მხარს უჭერს, მაგრამ ეტყობა, დაინახეს რა თავისი მონაცემები და დაღმავალი რეიტინგი კვლევებით და მოსახლეობასთან შეხვედრებით, გადაწყვიტეს, რომ ამ შულერობაზე წასულიყვნენ. დღეს რეალურად საქართველოს მოსახლეობა არის „გადაგდებული“,- განაცხადა კობერიძემ.

მისი თქმით, პროპორციული სისტემის პროექტის ჩავარდნით „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ გააძლიერა.

„ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ გააძლიერა. ეს ორი ძალა დღეს ერთმანეთს აძლიერებს. დაძაბულობა და დესტაბილიზაცია ქვეყანაში მხოლოდ ამ ორ ძალას აწყობს, რადგან ასეთ სიტუაციაში საღი აზრი იკარგება და „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ცდილობს, ვითომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რეალურად კი ერთმანეთს კვებავენ. ამის პასუხს „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობა 2020 წლის არჩევნებზე აუცილებლად დაუბრუნებს. არ გამოვრიცხავ, რომ პროცესები უფრო შორს წავიდეს. შეიძლება ხელოვნური პროცესი იყოს უმრავლესობის დატოვება და დაშლა, რადგან უმრავლესობის დაშლას მოჰყვება შესაბამისად მთავრობის ლეგიტიმურობის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რაც უკვე არის საფუძველი რიგგარეშე არჩევნებისკენ. არ გამოვრიცხავ, „ქართულ ოცნებას“ სხვა გამოსავალი აღარ აქვს დარჩენილი, რადგან პოლიტიკურად დაბანკროტებულია და მიდის ამ ნაბიჯზეც კი, რომ პროცესი ისე წაიყვანოს, რომ რიგგარეშე არჩევნებამდე მივიდეს“,- აცხადებს კობერიძე.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.  საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, ასევე უმრავლესობის დეპუტატებმა – თამარ ხულორდავამ, სოფო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ზაზა ხუციშვილმა საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.