ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს შენობის კარს ბოქლომი დაადო
ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს შენობის კარს ბოქლომი დაადო

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს შენობის კარს ბოქლომი დაადო.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მისი საქციელი არის პროტესტი დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის ქმედებებთან დაკავშირებით.

„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტია ჯურღმულშია, მისი მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცით და ამ დროს, დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ წიხლი მიაყოლა დაკავებულს. ეს არ არის პარტიული საკითხი, ეს არის ღირსების საკითხი. მისი განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი. თუმცა ვხედავთ, რომ მთელი „ქართული ოცნება“ გადაეფარა კუხიანიძეს. საკრებულოს წევრი ვცდილობ შევიდე სამსახურში, თუმცა ვერ შევდივარ. საკრებულოს ოთხივე შესასვლელი ჩაკეტილია. ძალით გამომაგდეს შენობიდან. ამიტომ მსურს, სიმბოლურად ბოქლომი დავადო საკრებულოს კარს. როგორი იაფფასიანებიც არიან, ისეთი იაფფასიანი ბოქლომია ესეც“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოში ხმაური იყო. თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის სამუშაო კაბინეტში მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბნენ. ისინი მოითხოვენ, რომ საკრებულოს დეპუტატს მანდატი დაეტოვებინა.

აქციის მონაწილეებს საკრებულოს დეპუტატის კაბინეტი სამართალდამცველებმა დაატოვებინეს.

მოძრაობა „შეცვალე“ თბილისის საკრებულოს წევრ ერეკლე კუხიანიძის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებს, სადაც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.