ლევან ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოსთან კიბით მივიდა და კაბინეტში შესვლას აივნიდან აპირებდა
ლევან ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოსთან კიბით მივიდა და კაბინეტში შესვლას აივნიდან აპირებდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს შენობასთან კიბე მიიტანა.

მისი თქმით, რადგან საკრებულოს შესასვლელი ყველა კარი დაკეტილი იყო, ის საკუთარ კაბინეტში ასვლას კიბის საშუალებით აივნიდან ეცდებოდა, თუმცა საკრებულოს დეპუტატს კიბის გამოყენება აღარ დასჭირდა და ის შენობაში შეუშვეს.

თბილისის საკრებულოში დილიდან ხმაურია.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მოძრაობა „შეცვალე“ თბილისის საკრებულოში დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მანდატის დატოვების მოთხოვნით დღეს დილიდან აქციებს მართავენ. თავდაპირველად აქციის მონაწილეები დეპუტატის სამუშაო კაბინეტში შეიკრიბნენ და კარვის გაშლას შეეცადნენ. აქციის მონაწილეებს კაბინეტი სამართალდამცველებმა დაატოვებინეს. ამასთან პროტესტის ნიშნად, საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს შენობის კარს ბოქლომი დაადო.

მოძრაობა „შეცვალე“, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც მან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.