ლევან ხაბეიშვილი - დავით კირკიტაძის სახლთან სპეცოპერაციის მცდელობის იმიტაცია ჰქონდათ, უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, კრიმინალები ებრძვიან მშვიდობიან მანიფესტანტებს
ლევან ხაბეიშვილი - დავით კირკიტაძის სახლთან სპეცოპერაციის მცდელობის იმიტაცია ჰქონდათ, უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, კრიმინალები ებრძვიან მშვიდობიან მანიფესტანტებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დავით კირკიტაძის სახლთან დღეს სამართალდამცველებს სპეცოპერაციის მცდელობის იმიტაცია ჰქონდათ.

მისივე თქმით, დღეს დავით კირკიტაძის სახლთან ათეულობით პოლიციელი იყო მობილიზებული.

„თავად მოიპარეს არჩევნები და გაგვილახეს აქტივისტები. ქალბატონი ია კერზაიას მკვლელობაში გახარიაა ეჭვმიტანილი. გუშინ თავად იძალადეს აქტივისტებზე და ახლა დევნა დაიწყეს პოლიტიკურ ოპონენტებზე. სპეცოპერაციის ჩატარების მცდელობის იმიტაცია ჰქონდათ აქ. უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როცა კრიმინალები ებრძვიან მშვიდობიან მანიფესტანტებს. ათეულობით პოლიციელი იყო აქ. საკუთარი თვალით ვნახე მას შემდეგ, რაც აქ მოვედით დათოს მეგობრები. არ გამოვრიცხავ, დაკავების ოქმიც არ ჰქონდათ, რადგან ძალიან მალე გაქრნენ. თუ საბუთი ეჭირათ, ალბათ განახორციელებდნენ. სადარბაზოში ათეულობით პოლიციელი იყო. ვეცდებით, ეს კადრები მოვიპოვოთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დავით კირკიტაძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის სახლთან დილით პოლიცია იყო მობილიზებული. კირკიტაძე გუშინ გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ველისციხეში აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.