ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის საპყრობილე დატოვა - არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით, მით უმეტეს, როდესაც შეცდომა მომივიდა
ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის საპყრობილე დატოვა - არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით, მით უმეტეს, როდესაც შეცდომა მომივიდა

მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა, გირაოს გადახდის შემდეგ, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

„იმდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ შეფასება ძალიან რთულია“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ.

ჟურნალისტები მედიით გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციაზე ლევან ჯიბღაშვილის კომენტარით დაინტერესდნენ. მათ ჯიბღაშვილს განუცხადეს, რომ გავრცელდა მისი ფოტო შს მინისტრის პირველ მოადგილესთან, კახა საბანაძესთან ერთად.

„ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ნახავთ ჩემს ფოტოს, ჩემი კონტაქტებიდან გამომდინარე. არასოდეს მისარგებლია ჩემი პირადი კონტაქტებით ცხოვრებისეულ არც ერთ ეტაპზე, მით უმეტეს, როდესაც მომივიდა შეცდომა. არასდროს ვისარგებლებდი ამ ადამიანით და არც სხვა დანარჩენით“, – განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც დაკავებისას ის დედაქალაქის მერის სახელს ახსენებდა.

„კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, გამარჯობაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. სასამართლოზე მადლობა გადაუხადე ჟურნალისტებს. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ობიექტურები იყოთ, რადგან თქვენმა არასწორად ინტერპრეტირებულმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს როგორც ჩემი ბედი, როცა სასამართლო არ არის სრულად დასრულებული, ასევე ნებისმიერი სხვა ადამიანის ბედი.

ყველაფერი ვაღიარე, მე მეკუთვნის ეს ყველაფერი, ჩემია და დანარჩენ ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავთქვამ. ჩვეულებრივად, თბილისში, ორთაჭალაში მოძრაობისას გამაჩერა საპატრულო პოლიციამ და მანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ვიყავი, ეს დაადასტურა გამოკვლევამ. ვიხვეწებოდი, დამარეკინეთ, დაესწრონ ჩხრეკას-მეთქი. შემთხვევით დამინახა ჩემმა მეგობარმა და დაიწყო რეკვა ჩემს ახლობლებთან და ამის შემდეგ მოვიდნენ ადვოკატები. ელემენტარულად, დარეკვის საშუალებაც არ მომეცა“, – განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა.

ამასთან, ლევან ჯიბღაშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ რომელი ნარკოტიკი აღმოუჩინეს.

„მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან არ დასრულებულა პროცესები, დროებით ვარ გარეთ. კიდევ ერთხელ ვთხოვ მედიას, რომ იყოს ობიქტური, რადგან არასწორმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს დღეს ჩემი ბედი და ხვალ ნებისმიერი ადამიანის ბედი, რომელიც ჩემს ადგილზე შეიძლება აღმოჩნდეს, რასაც არავის ვუსურვებ“, – აღნიშნა ლევან ჯიბღაშვილმა.

მსახიობსა და ბიზნესმენს, ლევან ჯიბღაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 10-ათას ლარიანი  გირაო შეუფარდა. ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავეს. ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ჯიბღაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული. წინასასამართლო სხდომა ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე 4 ივნისს ჩაინიშნა.