ლევან იზორია სამხედრო მფრინავ ეკატერინე ქვლივიძეს ხვდება
ლევან იზორია სამხედრო მფრინავ ეკატერინე ქვლივიძეს ხვდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სამხედრო მფრინავ ეკატერინე ქვლივიძეს ხვდება. ეკატერინე ქვლივიძე სამინისტროში ადვოკატებთან ერთად მივიდა.

როგორც ქვლივიძემ შეხვედრამდე განაცხადა, შეხვედრა თავდაცვის მინისტრმა გუშინ შესთავაზა.

„სასამართლო პროცესის განმავლობაში და იმ პერიოდში, როდესაც სამსახურიდან იძულებული ვიყავი, წამოვსულიყავი, ვცდილობდი მინისტრთან შეხვედრას, თუმცა უგულვებელყოფილი იყო. გუშინ თავად გამოიჩინა ინიციატივა. რა თქმა უნდა, ეს მისი მხრიდან დასაფასებელია, შევხვდები, გავისაუბრებთ. იმედი მაქვს,  გვექნება საშუალება, ყველა არსებული პრობლემა განვიხილოთ. შემდეგ უკვე შევხედავთ სიტუაციას, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ეკა ქვლივიძემ.

სამხედრო მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მოსასმენად გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზის ზედა იარუსზე შესვლის უფლება არ მისცეს.

მინისტრმა გუშინ სამხედრო მფრინავის შესახებ პარლამენტარების მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ მზად არის, ეკატერინე ქვლივიძეს პირადადაც შეხვდეს.

ქვლივიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, რის შემდეგაც უწყებამ მფრინავთან დაკავშირებით 27 მარტს განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკატერინე ქვლივიძეს სამსახურის პერიოდში დისკრიმინაციის შესახებ არ განუცხადებია, პრეტენზიები სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ დააფიქსირა.