მფრინავი ეკა ქვლივიძე აცხადებს, რომ პარლამენტში თავდაცვის მინისტრის გამოსვლის უშუალოდ მოსმენის  უფლება არ მისცეს 
მფრინავი ეკა ქვლივიძე აცხადებს, რომ პარლამენტში თავდაცვის მინისტრის გამოსვლის უშუალოდ მოსმენის  უფლება არ მისცეს 

მფრინავი ეკა ქვლივიძე თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მოსასმენად პარლამენტის სხდომათა დარბაზის ზედა იარუსზე შესვლის უფლება არ მისცეს.

მფრინავი პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიასთან ერთად იყო მისული.

დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სთხოვა, რომ ეკა ქვლივიძისთვის სხდომაზე დასწრების უფლება მიეცა, თუმცა უარი მიიღო.

„არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ადამიანები პარლამენტში მოდიან და სხდომას ესწრებიან. ამ ადამიანს აქვს პრობლემა თავდაცვის სამინისტროსთან და უნდოდა სხდომაზე დასწრება. მინისტრის მოსმენისას აუცილებლად დავსვამ კითხვებს ამ ადამიანის უფლებების შესახებ. მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ეკა ქვლივიძისთვის მიეცა სხდომაზე დასწრების უფლება, თუმცა კობახიძემ აღნიშნა, რომ რისკებს არ გამორიცხავს. როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარე ვერ იღებს საკუთარ თავზე ამ ადამიანის შეშვებას“, – განაცხადა ხოშტარიამ.

როგორც ეკა ქვლივიძე აცხადებს, მან არაერთხელ სცადა თავდაცვის მინისტრთან კომუნიკაცია და სურდა, რომ მისი პრობლემების შესახებ პირადად ეთქვა, თუმცა მინისტრი ამ საკითხით არ დაინტერესდა.

„დღეს, უბრალოდ, მინდოდა მინისტრის მოსმენა. მაინტერესებდა, რას იტყოდა და რა გეგმები აქვს თავდაცვის სამინისტროს მომავალში, თუმცა ამის საშუალება არ მომეცა. გავაგრძელებ საკუთარი უფლებების დაცვას ყველანაირი სამართლებრივი წესით“, – აცხადებს ეკა ქვლივიძე.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროში სისტემური პრობლემებია და მინისტრს ამაზე საჯაროდ საუბარი არ სურს.

მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, რის შემდეგაც უწყებამ მფრინავთან დაკავშირებით 27 მარტს განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკატერინე ქვლივიძეს სამსახურის პერიოდში დისკრიმინაციის შესახებ არ განუცხადებია, პრეტენზიები სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ დააფიქსირა.