ლევან იოსელიანი - საპარლამენტო დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან“ დავით სერგეენკო თუ იქნება, სიამოვნებით დავუთმობ დელეგაციის ხელმძღვანელობას, ჩემზე უფროსიცაა და გამოცდილიც
ლევან იოსელიანი - საპარლამენტო დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან“ დავით სერგეენკო თუ იქნება, სიამოვნებით დავუთმობ დელეგაციის ხელმძღვანელობას, ჩემზე უფროსიცაა და გამოცდილიც

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში ჩავა, მმართველი პარტიაც იქნება წარმოდგენილი.

მისივე თქმით, გამგზავრების თარიღთან და დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით დეტალები ზუსტდება.

ამასთან, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, საპარლამენტო დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან“ დავით სერგეენკო თუ იქნება, მას დელეგაციის ხელმძღვანელობას სიამოვნებით დაუთმობს.

„მნიშვნელოვანი ამბავია, რომ პარლამენტიდან ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის, მმართველი პარტია იქნება წარმოდგენილი საპარლამენტო დელეგაციაში. ეს მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, საქართველოსთვის, რადგან უკრაინას გვერდში უდგას მთელი მსოფლიო, საქართველოს სჭირდება, იყოს ამ დღის წესრიგის მონაწილე და საქართველოს პარლამენტმა ქართველი ხალხის სახელით, სამძიმარი გამოუცხადოს არა მარტო ბუჩაში დატრიალებულ ტრაგედიას, არამედ ზოგადად, უკრაინაში დღემდე დატრიალებულ ტრაგედიას. მარტივი არ იყო შეთანხმებამდე მისვლა, მაგრამ კარგია, რომ შევთანხმდით და მმართველი პარტია დელეგაციაშია. ახლა დაზუსტდება დეტალები, რამდენი ადამიანი იქნება და როდის წავალთ. ყველა პარტიამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება მათი წარმომადგენელი. მარტო ოპოზიციის დელეგაცია თუ იქნებოდა, ხელმძღვანელი მე ვიქნებოდი, როგორც ოპოზიციის კვოტით არჩეული ვიცე-სპიკერი, მაგრამ თუ მონაწილეობას მიიღებს „ქართული ოცნება“ და მათგან იქნება დავით სერგეენკო, სიამოვნებით დავუთმობ დავით სერგეენკოს, იყოს ხელმძღვანელი. ის ჩემზე უფროსიც არის, გამოცდილიც და არანაირი პრობლემა არ მაქვს. მთავარია, პარლამენტი იქნება სრული შემადგენლობით, გარდა „ევროპელი სოციალისტებისა“. ამას მინდა, ხაზი გავუსვა. მათ მთხოვეს, როდესაც ვამბობ, რომ ოპოზიცია სრულად მიდის, ხაზი გავუსვა, რომ ისინი არ არიან წარმოდგენილი. ისინი დელეგაციაში არ არიან და არ იქნებიან წარმოდგენილი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, ცოტა ხსნის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში თავადაც იქნება. „არც შეიძლება, რომ არ ვიყო დელეგაციაში. ბოლოსდაბოლოს, სერგეენკო ვარ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.