ლევან იოსელიანი - სააკაშვილის განცხადებები არ არის ამოსავალი წერტილი, ჩვენთვის მთავარია ოპოზიციური ერთობა, რომელიც ბოიკოტს უცხადებს გაყალბებულ არჩევნებს
ლევან იოსელიანი - სააკაშვილის განცხადებები არ არის ამოსავალი წერტილი, ჩვენთვის მთავარია ოპოზიციური ერთობა, რომელიც ბოიკოტს უცხადებს გაყალბებულ არჩევნებს

ამ შემთხვევაში სააკაშვილის განცხადებები არ არის ამოსავალი წერტილი, ჩვენთვის მთავარია ოპოზიციური ერთობა, რომელიც ბოიკოტს უცხადებს გაყალბებულ არჩევნებს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ „ბევრი ევროპელის ინსტიქტია, მარჯვენა ლოყაში რომ მოგარტყამენ, მარცხენა შეუშვირო“.

„სააკაშვილს შეიძლება, ჰქონდეს რაღაც მოსაზრებები, რომელიც მისი პირადი მოსაზრებაა და ამ შემთხვევაში ის ჩვენთვის აქტუალური არ არის“, – განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება კითხვას, მისთვის გასათვალისწინებელია თუ არა მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებები, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის მოსაზრებები სააკაშვილის პარტიამ უნდა გაითვალისწინოს, ხოლო მათი პარტია ითვალისწინებს იმ ერთობის მოსაზრებას, რომელიც დღეს ოპიზიციურ პარტიებს შორის არსებობს.

„ოპოზიციური პარტიის მოსაზრება იცით. იცით ბოიკოტის თაობაზე, იცით ჩვენი მოთხოვნები. ახლა ბურთი არის ხელისუფლების მხარეს და ველოდებით, რა წინადადებებით მოვლენ ისინი მესამე რაუნდზე. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.