ლევან იოსელიანი - პარლამენტმა მხარი დაუჭირა მოსამართლეებს, რომლებიც არაფრით იმსახურებდნენ უზენაეს სასამართლოში განწესებას
ლევან იოსელიანი - პარლამენტმა მხარი დაუჭირა მოსამართლეებს, რომლებიც არაფრით იმსახურებდნენ უზენაეს სასამართლოში განწესებას

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა მოსამართლეებს, რომლებიც არაფრით იმსახურებდნენ უზენაეს სასამართლოში განწესებას.

მისივე თქმით, ამ ადამიანების სახელს უკავშირდება წინა ხელისუფლების დროს მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები.

„ძალიან სამწუხარია, რაც დღეს მოხდა. პარლამენტმა მხარი დაუჭირა მოსამართლეებს, რომლებიც არაფრით იმსახურებდნენ უზენაეს სასამართლოში განწესებას. ვინც იმსახურებდა, ქეთი მესხიშვილი და ეკა ზარნაძე, ორი ძალიან კვალიფიციური ადამიანი, ორი ქალი მოსამართლე იღებდა მონაწილეობას და ორივე ჩააგდეს. მე პროტესტის ნიშნად და იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, ამ ორ ადამიანს დავუჭირე მხარი, ვისაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა. ვინც უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ განწესდა, არც ერთი არ იმსახურებდა ამ თანამდებობას.

ვერ გაიარა ის გასაუბრება, სადაც კრიტიკულ კითხვებს ვუსვამდი და პასუხებს ვერ ვიღებდი. ასე იყო ყველა შემთხვევაში. ამ ადამიანებთან დაკავშირებულია წინა ხელისუფლების დროს მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები. ამ ადამიანებთან დაკავშირებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადააწყვეტილებები, სადაც ისინი მოხსენიებული არიან, რომ თავიანთ მოვალეობას არ ასრულებდნენ. უამრავი კითხვის ნიშანია ამ ხალხთან. ეს ადამიანები წლებია, სისტემის მსახურები არიან. ჯერ წინა ხელისუფლების დროს, ახლა ამ ხელისუფლების დროს. ამიტომ უზენაეს სასამართლოში მათი განწესება იმ ტრადიციის გაგრძელებაა, რასაც „ქართული ოცნება“ აქამდეც აკეთებდა, ნიშნავდა ხალხს, რომელიც მათი ერთგული იქნება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი დაამტკიცა.