ლევან იოსელიანი - მოლოდინი მაქვს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით შარლ მიშელის გზავნილები იქნება ძალიან მომთხოვნი და მკაცრი
ლევან იოსელიანი - მოლოდინი მაქვს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით შარლ მიშელის გზავნილები იქნება ძალიან მომთხოვნი და მკაცრი

მოლოდინი მაქვს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით შარლ მიშელის გზავნილები იქნება ძალიან მომთხოვნი და მკაცრი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც იოსელიანმა განაცხადა, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმებას, ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნა ექვსი მოსამართლე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ვერც პროფესიონალიზმთან და ვერც კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებულ კრიტერიუმს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში და ცდილობს, დაამთავროს ის ვითარება, რაც ქვეყანაშია, ცდილობს, დაეხმაროს პოლიტიკურ სპექტრს, რომ ივლისის შემდეგ შექმნილი სიტუაცია დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს. ამისთვის მას მადლობა. ჩემი მთავარი გზავნილი და სათქმელი უკავშირდება შეთანხმების შესრულებას და არშესრულებას, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან. ვიცით, რომ სასამართლოში „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნა ექვსი მოსამართლე, რომელიც ჩემი აზრით, ვერ აკმაყოფილებს ვერც პროფესიონალიზმს და ვერც კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგებოდა შარლ მიშელის დოკუმენტს. სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებ მიშელთან. მე ვესწრებოდი ამ გასაუბრებებს, ვიცი ამ მოსამართლეების ბიოგრაფია და მინდა, რომ მიშელს ეს გავაცნო დეტალურად. ასევე იცით, რომ ორი ქალი მოსამართლე „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო, რომლის მიმართაც მე მოსმენების დროს ჩამომიყალაბდა დადებითი დამოკიდებულება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ შარლ მიშელის გზავნილები სასამართლოსთან დაკავშირებით იქნება ძალიან მომთხოვნი და მკაცრი.

„ველოდები, რომ ძალიან მომთხოვნი და მკაცრი იქნება მისი გზავნილები სასამართლოსთან დაკავშირებით. არ ვიცი, რამდენად მოყვება ამას ტრანშების შეჩერება და სანქციები, მაგრამ თუ ასე იქნება, იქნება ძალიან ცუდი, რადგან ამით დაზარალდება ქვეყანა და მოქალაქეები და არა ის მოსამართლეები, რომლებიც დანიშნა „ქართულმა ოცნებამ“. ჩემი სურვილი არ არის, ქვეყანა დაზარალდეს, ჩემი მიზანია, რომ სასამართლო რეფორმა, რომელიც დაიწყო, დასრულდეს წარმატებით. სამწუხაროდ, ჯერ დასაწყისიც ვერ ვნახეთ ამ რეფორმის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.