ლევან იოსელიანი - ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს „ნამახვანჰესის“ პროექტის გამართულობა, დაუმტკიცოს მოქალაქეებს, რომ მათ ცხოვრებასა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
ლევან იოსელიანი - ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს „ნამახვანჰესის“ პროექტის გამართულობა, დაუმტკიცოს მოქალაქეებს, რომ მათ ცხოვრებასა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს „ნამახვანჰესის“ პროექტის გამართულობა და დაუმტკიცოს მოქალაქეებს, რომ მათ სამომავლო ცხოვრებასა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში განაცხადა.

ამასთან, ლევან იოსელიანმა მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ჩავიდეს რიონის ხეობაში და პირადად აიღოს პასუხისმგებლობა საკითხის მოგვარებაზე, რადგან იოსელიანის განცხადებით, თუ პრობლემა უფრო გამწვავდება, დაზარალდება არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ქვეყანა.

„მინდა, გამოვეხმაურო რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილის წუხილად და შეიძლება ითქვას, სამართლიან პრობლემად გადაიქცა. გვახსოვს, დაახლოებით ერთი თვის წინ იყო ამ საკითხის განხილვა, მაგრამ საკითხი კიდევ უფრო დაიძაბა, უფრო მეტი ვნებათაღელვაა რიონის ხეობაში. დღეს ჩვენი სახელმწიფო მოქალაქეებს საპოლიციო ძალებით, რობოკოპებითა და რაღაცა სპეციალური დანიშნულების მანქანებით აპირებს, რომ დაელაპარაკოს, რაც მგონი, ყველა მოქალაქისთვის მიუღებელია.

ჩვენ მოქალაქეებს უნდა ვესაუბრებოდეთ არგუმენტებით და არგუმენტების სისწორით უნდა ვუმტკიცებდეთ თუნდაც იმ პროექტის გამართულობას, რომელიც ხელისუფლებას მიაჩნია, რომ იქ უნდა განხორციელდეს. არ წყდება მათი ზარები, მათი თხოვნები ჩვენ მიმართ, რომ ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საქართველოს პარლამენტი მაინც. როგორც ვუყურებთ, ხელისუფლება ვერ ათვითცნობიერებს, რამხელა ცეცხლს ეთამაშება. მინდა, მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც ვიცი, ახლა კორონავირუსი აქვს და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ როგორც კი შეუდგება სამუშაოს, მისი პირველი სამუშაოს დღე იყოს ამ საკითხთან დაკავშირებული, ჩავიდეს რიონის ხეობაში და პირადად აიღოს პასუხისმგებლობა ამ საკითხის მოგვარებაზე. ეს პრობლემა საბოლოო ჯამში კიდევ თუ უფრო გამწვავდება, ამისგან ხელისუფლება კი არ დაზარალდება მარტო, დაზარალდება მთლიანად ქვეყანა და დაზარალდება ყველა ჩვენი მოქალაქე, რომელიც ამ სიცივეში დგას და სამართლიანად ითხოვს ძალიან მარტივ რაღაცას, ხელისუფლებამ დაუმტკიცოს პროექტის გამართულობა, დაუმტკიცოს, რომ მათ სამომავლო ცხოვრებასა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, პარლამენტის სხდომაზე ლევან იოსელიანმა საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს, რომელიც მოსკოვში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდა, მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მივულოცო საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს და მადლობა გადავუხადო იმ სიხარულისთვის, რომელიც ყველა ჩვენგანს მიანიჭეს, როდესაც მოსკოვში ისმოდა საქართველოს ჰიმნი. განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, ლაშა ტალახაძეს, გიორგი ასანიძეს, რომელთა მეშვეობით პრაქტიკულად ყველა ტურნირი გახდა ჩვენი მოქალაქეებისთვის ზეიმისა და სიხარულის მომტანი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.