ლაშა ტალახაძე და საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრები მოსკოვში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ ძალოსნებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს პატრიარქის ჩოხოსნებმა.

ადგილზე იმყოფებოდნენ დეპუტატები მიხეილ ყაველაშვილი, ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა, ასევე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები და ძალოსანთა ოჯახის წევრები.

საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია. გიორგი ასანიძის შეგირდებმა მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე რვა ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო ლაშა ტალახაძემ. მან ეს რეკორდების თანხლებით გააკეთა: ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა. ორჭიდის ჯამში კი 485 კგ დააფიქსირა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.

რაც შეეხება ნაკრების სხვა წევრებს, ანტონ პლესნოიმ (96 კგ)​ ატაცში, ​აკვრასა და ორჭიდში ოქროს მედლები მოიპოვა; აკვრაში ოქროს, ხოლო ​ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მიიღო რეზი დავითაძემ (89 კგ); ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა შოთა მიშველიძემ (61 კგ), ხოლო აკვრაში ბრინჯაოს დასჯერდა გოგა ჩხეიძე (67კგ).

ამასთან, ქალთა შორის გამართულ შეჯიბრზე ანასტასია გოტფრიდი 87 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ატაცში გახდა.