ლევან გზირიშვილი ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს
ლევან გზირიშვილი ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

ამ აბსურდის მიზანია ჩემზე ზემოქმედება, – ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან გზირიშვილმა საბჭოს არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც ლევან გზირიშვილმა შვილი იუსტიციის სკოლაში მოაწყო.

ლევან გზირიშვილის თქმით, მას აქვს ბიოგრაფია, რომელიც არ უკავშირდება არცანაირ კლანს.

„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ შეუძლია ადამიანს გამოხატოს თავისი აზრი, მათ შორის თუნდაც იყოს სიძულვილის ენით გამოხატული, უხამსობაც კი. აბსურდზე მიწევს კომენტარის გაკეთება. მიზანი არის ძალიან ცხადი და ნათელი, ჩემზე ზემოქმედება და ზეწოლა. სურთ ჩემი დამოუკიდებელი ბიოგრაფია, რომელიც არანაირად უკავშირდება სასამართლოს ამ შემადგენლობას, რაღაცნაირად მიაბან ე.წ.კლანზე და მეც ვიყო ამ კლანის წევრი. ეს არის მიზანი. აი ამ მიზნის მისაღწევად ჩემზე 40-წლიან ბიოგრაფიაში, რომელიც ძალიან მაღალ თანამდებობებზე მუშაობასაც მოიცავს, ვერ ნახეს ვერანაირი ხინჯი და ვერც ნახავენ იმიტომ, რომ ასეთი არ არის“, – განაცხადა ლევან გზირიშვილმა.

​მისივე თქმით, მიუხედავად მაღალ თანამდებობებზე მუშაობისა, ის ნეპოტიზმს მუდამ ებრძოდა.

„რაც შეეხება ნეპოტიზმს, მთელი ცხოვრება ვებრძოდი მე ამ სენს. ჩემს ვერც ერთ ნათესავს, მეგობარს, ახლობელს ვერ ნახავთ თანამდებობაზე ყოფნის დროს დასაქმებულს, მათ შორის ჩემს შვილებს. მქონდა მე მაღალი თანამდებობა პროკურატურის ორგანოებში და ჩემი შვილები მუშაობდნენ კერძო სტრუქტურაში კონკურსის წესით ან არჩევით თანამდებობაზე. შეგიძლიათ ამოიღოთ, გასაუბრება ჩატარდა ღიად. ისინი ესწრებოდნენ და შეეძლოთ კომპეტენტურობის შესამოწმებლად ნებისმიერი მათთვის სასურველი კითხვა დაესვათ. ბიოგრაფია თქვენს შეგიძლიათ გამოითხოვოთ, ღიაა ეს ინფორმაცია“, – განაცხადა ლევან გზირიშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ საბჭოს წევრის, ლევან გზირიშვილი ნეპოტიზმში დაადანაშაულეს და მისი სამუშაო ოთახის კარზე წარწერა „მამამ შვილი მოაწყო“ გააკრეს.