ლევან გოგიჩაიშვილი - სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დაზოგილი თანხა იმ სოციალურ ჯგუფებზე გადანაწილდება, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ
მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დაზოგილი თანხა იმ სოციალურ ჯგუფებზე გადანაწილდება, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია 2 წლის განმავლობაში 250 მილიონ ლარამდე თანხის დაზოგვაზე.
„ორი წლის განმავლობაში დაიზოგება 250 მილიონი ლარი. დაზოგილი ფული პრიორიტეტულად გადანაწილდება იმ ადამიანებზე და სოციალურ ჯგუფებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ერთ-ერთი ჯგუფი იქნება ოჯახი, რომელსაც მცირეწლოვანი ჰყავს. იდეა და მთელი ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობის გადაწყვეტილება და სიკეთე, რომელიც უნდა დადგეს, სწრაფად მივა კონკრეტულ მოქალაქემდე“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, სხვადასხვა მიმართულებით სერვისის მიწოდება დაჩქარდება.
„სამინისტროები დაემსგავსებიან ორგანოებს, სადაც უნდა კეთდებოდეს პოლიტიკა და ამ პოლიტიკის შედეგები სწრაფად მიდიოდეს მოქალაქემდე“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს საპარლამენტო კომიტეტები დღეს განიხილავენ. ცვლილებების თანახმად, მთავრობის სტრუქტურაში 14-დან 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.