ლევან გოგიჩაიშვილი - პროპორციულ არჩევნებს ვუყურებდით, როგორც პოლიტიკური დუღილის დაწევის საშუალებას, რათა საზოგადოება 2020 წლის არჩევნებამდე მშვიდად მისულიყო
ლევან გოგიჩაიშვილი - პროპორციულ არჩევნებს ვუყურებდით, როგორც პოლიტიკური დუღილის დაწევის საშუალებას, რათა საზოგადოება 2020 წლის არჩევნებამდე მშვიდად მისულიყო

როცა კონსტიტუციაზე ვმსჯელობდით, მმართველ გუნდს შევთავაზეთ, რომ პლებისციტი ჩატარებულიყო არა მხოლოდ მაჟორიტარებთან დაკავშირებით, არამედ იმ გადაწყვეტილებაზე, რაც პარლამენტმა ელიტურად მიიღო, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

თუმცა, გოგიჩაიშვილის თქმით, აღნიშნული შეთავაზება არ გაითვალისწინეს და მოქალაქეებს აზრი არ ჰკითხეს.

„მოქალაქეებს არ ჰკითხეს, რა უნდათ. პროპორციული არჩევნები ვინმეს პოლიტიკური ვნება კი არ არის, პროპორციულ არჩევნებს ვუყურებდით პოლიტიკური დუღილის დაწევის თვალსაზრისით, რათა მშვიდად მისულიყო საზოგადოება 2020 წლის არჩევნებამდე. აკო კობახიძე – ირაკლი კობახიძე, არის აკო მინაშვილი, მათ შორის არანაირი განსხვავება არ არის. ამ ადამიანმა პოლიტიკური ტემპერატურის დუღილის აწევა სპეციალურად დაიწყო, რომ თავისი აღზნებულობით „ნაციონალურ მოძრაობა“ გამოეწვია. ამის ჩაგდება წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი, პოლარიზაციის მოხდენის მცდელობაა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ამასთან, გოგიჩაიშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ თეა წულუკიანს არ ეთანხმება.

„თუ მას პასუხისმგებლობა აქვს, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი მოუწოდებს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს, რათა ჩვენს მოქალაქეებს საღი გონებით არჩევანის გაკეთების საშუალება მივცეთ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა შენარჩუნდეს. წულუკიანის შეფასებით, სწორედ მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც  ხალხს სჭირდება.