თეა წულუკიანი - კარგია, რომ პროპორციული მოდელი არ შემოვიდა, მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს
თეა წულუკიანი - კარგია, რომ პროპორციული მოდელი არ შემოვიდა, მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს

ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერით პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არის ის, რაც  ხალხს სჭირდება და ეს შენარჩუნებული უნდა იყოს.

„რაც შეეხება ძალებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ, ისინი არიან, როგორც თავად ამბობენ, იმედგაცრუებული. მე პირიქით ვარ, საპირისპირო აზრზე, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერით პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომელზეც ყოველთვის ვიყავი და ვფიქრობ, მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს, რათა პრობლემების მომგვარებელი არსებობდეს ამ ქვეყანაში. ეს სისტემა უნდა იყოს შენარჩუნებული. შესაბამისად, ის, რომ მოდელი ვერ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, არის იმის გარანტია, 2020 წლის არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღებთ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი და ქვეყანაში იქნება სტაბილურობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, მეორე მხარეს მყოფ ძალასთან, რომელიც ალბათ „მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნის“ რთულია რაიმე ტიპის მთავრობის ფორმირებაზე საუბარი.

„სამწუხაროდ, რაც არ უნდა კეთილშობილური და ძალიან დემოკრატიული აზრი იყოს ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნების ჩატარება და სრულად ამ მოდელზე გადასვლა, ჩვენს რეალობაში, როდესაც მეორე მხარეს არის არა პოლიტიკური ძლიერი ოპოზიცია, არამედ მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან ალბათ, მათთან ძალიან ძნელია რაიმე ტიპის მთავრობის ფორმირებაზე საუბარი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.