ლევან გოგიჩაიშვილი - გარანტიები არ გვაქვს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია, რის გამოც შფოთავენ პარტნიორები
ლევან გოგიჩაიშვილი - გარანტიები არ გვაქვს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია, რის გამოც შფოთავენ პარტნიორები

გარანტიები არ გვაქვს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებაში, რის გამოც ვშფოთავთ ჩვენ და შფოთავენ  პარტნიორებიც, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა  ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„ის, რაც ხდება საქართველოში, სასამართლოში და პროკურატურაში და რაც ზოგადად ავტორიტარიზმის ნიშნებია, ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ ეკონტროლებინა სასმართლო და შესაბამისად, სააკაშვილის და ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეები გადმოიფორმა, რითაც სასამართლო პოლიტიკურ ვერტიკალში მოაქცია. ეს საზოგადოების თავის ტკივილია და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელახლა დავიწყოთ სასამართლოს გათავისუფლება და დეპოლიტიზაცია იმ უწყებების, რომელიც გვეგონა, გავიარეთ და წარსულია. სამწუხაროდ, დღეს ამ რეალობაში ვიმყოფებით. პოლიტიკური სასამართლო არსებობს, რადგან თუ დასჭირდათ ნებისმიერ დროს ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ეტყვიან. რისკი მაღალია, რომ უთხრან და ასე გააკეთონ. ჩვენ იმის გარანტიები არ გვაქვს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია თავის გადაწყვეტილებაში. ვშფოთავთ ჩვენც და შფოთავენ ჩვენი პარტნიორები“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კითხვაზე, „ქართული ოცნება“ აქცენტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღის დადებით შეფასებაზე აკეთებს, გოგიჩაიშვილი ასე პასუხობს:

„ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური წერილი, სადაც ძალიან დელიკატურადაა  ყველა სიტყვა დაწერილი. „ქართულ
ოცნებაში“ ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, ისინი ბრიყვები და უნამუსოები არიან“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“.