ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ შეწყალების კომისია უნდა არსებობდეს და ლოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებდეს
ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ შეწყალების კომისია უნდა არსებობდეს და ლოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებდეს

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ შეწყალების კომისია უნდა არსებობდეს და ლოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებდეს.

როგორც ჟურნალისტებს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, პრეზიდენტს რაღაც უფლებებისგან ვერ განაიარაღებ და ამის ილუზია არ აქვს.

„ეს არ არის უბრალო ამბავი. შეწყალებებში ჰუმანიზმის ინტერესი კი არ დევს, სხვა ინტერესებს ვხედავ. შეიძლება, იყოს პოლიტიკური ინტერესი, პროკურატურისა და ვიღაცის მხრიდან, შეიძლება, იყოს შიდა ადმინისტრაციული ინტერესი. ამ ინტერესს რომ არ ვხედავდე, ვიტყოდი, არავის საქმე არ არის, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებსთქო. არ მაინტერესებს, რა ჯგუფი შეიქმნება, რადგან პრეზიდენტს უფლებას ვერ გაუუქმებენ. პროცესი ისე დალაგდა, რომ პარლამენტის წევრს შეგრძნება გამიჩნდა, რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. ჩემი ბევრი კოლეგა პოლიტიკის აზრზე არ არის და არ იცის, პარლამენტარიზმი რას ნიშნავს. რაც რეგლამენტში უწერიათ, არ ნიშნავს, რომ სხვა რამის გაკეთება არ შეიძლება.

საჭიროა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები შეიკრიბოს და თქვან, ეჭვი გაგვიჩნდა, რომ შეიძლება, სხვა ინტერესი იყოს, ვიდრე ჰუმანური პრინციპები არის. პარლამენტმა ეჭვი უნდა გამოთქვას, საგამოძიებო კომისია შექმნას შესაძლო კორუფციულ თუ სხვა გარიგებებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.