ლევან გაჩეჩილაძე - 7 ნოემბრის აქციის დარბევა ხორცის გასატარებელი მანქანასავით იყო, ხალხს არ ინდობდნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის დარბევის საქმეზე პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გაჩეჩილაძემ მისცა ჩვენება.
გაჩეჩილაძემ სხდომაზე ის მოვლენები გაიხსენა, რომელიც 7 ნოემბრის აქციას წინ უძღოდა.
„იმ დროისათვის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი. ძალიან კარგად ვიცნობდი იმჟამინდელ პრეზიდენტს და მის გარემოცვას. სანამ გირგვლიანის ინციდენტი მოხდებოდა, პასიური ვიყავი. რაიმე ქონების პატრონი თითქმის არავინ დატოვეს, რომ არ დაეჭირათ. შემდეგ ძალადობამ ციხეში გადაინაცვლა და სიჯიუტემ- პარლამენტში. საპარლამენტო არჩევნების გადატანაც სცადეს. აი ეს იყო წინაპირობები და მიზეზი, თუ რატომ დავბრუნდი პოლიტიკაში. თუმცა ძალადობის მასშტაბს ვერავინ ვეღარ განსაზღვრავდა. ბოლოს უკვე იყო
ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერა, ადამიანის, რომელმაც ალტერნატიული აზრი დააფიქსირა და მეორე დღესვე დაიჭირეს. ამის შემდეგ მივმართე საზოგადოებას, შევკრებილიყავით. გვქონდა პოლიტიკური მოთხოვნები – გირგვლიანის საქმის გამოძიება, საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში დაბრუნება. ასევე ვითხოვდით პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“,-განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ და 7 ნოემბემბრის აქციის დარბევის დეტალეზე ისაუბრა.
„ხორცის გასატარებელი მანქანასავით იყო, არ ინდობდნენ ხალხს. პირველი დავინახე ნაცემი გოგო ხაინდრავა, რომელსაც ბორკილები დაადეს. ვნახე, როგორ წაართვეს კამერები მედიას. საბოლოო ჯამში ყველა ერთად გამოვედით იმ ადგილიდან. მერე მომრავლდნენ შავნიღბიანები და კიდევ უფრო მეტი სისასტიკე იყო. სპეცრაზმელებმა შემათრიეს სადღაც, გავითიშე, როდესაც თვალი გავახილე, სასწრაფო დახმარების მანქანაში ვიყავი, რომელსაც მე და ჩემი ძმა მივყავდით. იქაც გასამხედროებული ბრძანებები მესმოდა. დასახიჩრებული და სისხლიანი მიმიყვანეს დიღომში“,-განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.