ზვიად ძიძიგური - აქციის დარბევის დროს მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების გარეშე არაფერი ხდებოდა
ზვიად ძიძიგური - აქციის  დარბევის დროს  მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების გარეშე არაფერი ხდებოდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის დარბევის საქმეზე ჩვენებას აძლევს ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატი ზვიად ძიძიგური, რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა.

მისი თქმით, 2007 წელს ოპოზიციას ერთი მოთხოვნა – საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ჰქონდა, თუმცა 2 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ ხელისუფლებამ ოპოზიციონერების დარბევა გადაწყვიტა.

„7 ნოემბრის აქციებს წინ უძღოდა დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და ამის მიზეზი იყო საკმაოდ ბევრი რამ. ოპოზიციამ მაშინ მასობრივი მანიფესტაციების და მიტინგების ორგანიზება დაიწყო. ოპოზიცია 13 პოლიტიკური პარტიისგან შედგებოდა, ერთ-ერთი იყო კონსერვატიული პარტია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. 2 ნოემბერს დიდ საპროტესტო აქციას გავუკეთეთ ორგანიზება. მონაწილეობა მიიღო 100 000 კაცზე მეტმა.  7 ნოემბერს გადავწყვიტეთ კარვების გაშლა. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის შემოდგომაზე ჩატარებულიყო. მოთხოვნა იყო კონსტიტუციური და რთული არ იქნებოდა ამის შესრულება პოლიტიკური გადაწყვეტილების ნება რომ ყოფილიყო. 7 ნოემბერს დილით მოხდა პირველი დარბევა. მოშიმშილეები გაყარეს. შემდეგ შევიკრიბეთ, ბევრი ხალხი გამოვიდა, რასაც ხელისუფლების მხრიდან პასუხად სადამსჯელო ღონისძიება მოჰყვა. მათი უნიფორმა მახსოვს, ზოგიერთს ჰქონდა ჩაფხუტები და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული. საკმაოდ დიდ ნაწილს ლაბადებს მიღმა უჩანდათ ჯინსები. ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი ფორმის პოლიციელები არ უნდა ყოფილიყვნენ. მაქვს ეჭვი, რომ ისინი სააკაშვილის პარტიული აქტივისტები ანუ ე.წ ზონდერები იყვნენ. ჯინსებიანი ადამიანებისგან საკმაოდ უწმაწური სიტყვები ისმოდა, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილზე. მიხეილ სააკაშვილის გარეშე არაფერი წყდებოდა და მე ახალს არაფერს ვამბობ“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ განსაკუთრებით ბევრი ადამიანი რიყეზე მომხდარი დარბევის დროს დაშავდა.

„ჭყლეტაში მოვყევი, ისროდნენ რეზინის ტყვიებს და მეც მომხვდა. ერთი ადამიანი დაბრმავდა კიდეც, თვალი ამოთხარეს. როგორც ვიცი, აკრძალული ჰქონდა ხელისუფლებას ასეთი ტიპის საშუალების გამოყენება, რაღაც კონვენციას იყო მიბმული. დავკარგე გონება და მეგობრებმა შემიყვანეს პარლამენტში. მე მაშინ დეპუტატი ვიყავი. იქ საკმაოდ ბევრი დაზარალებული ადამიანი იყო . დაშავებულები პარტიის ოფისშიც მოდიოდნენ, სადაც დახმარებას უწევდნენ. ხალხის შემოდინება ძირითადად რიყის დარბევის მერე ხდებოდა“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.