ლევან დავითაშვილი - სავალუტო ფონდის სამწლიანი მხარდამჭერი პროგრამა ქვეყანას საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და იზრუნოს მის გაზრდაზე
ლევან დავითაშვილი - სავალუტო ფონდის სამწლიანი მხარდამჭერი პროგრამა ქვეყანას საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და იზრუნოს მის გაზრდაზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის სამწლიანი, 289 მლნ დოლარის მოცულობის მხარდამჭერი პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად განვითარებაზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელებას.

მისივე თქმით, სავალუტო ფონდის სამწლიანი მხარდამჭერი პროგრამა ქვეყანას საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და იზრუნოს მის გაზრდაზე.

„ჩემთვისაც ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები სავალუტო ფონდის მისიასთან საქართველოში სამწლიანი მხარდამჭერი პროგრამის შესახებ. ეს იქნება 289 მლნ დოლარის მხარდამჭერი პროგრამა და ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არის ე.წ პრევენციული და დაზღვევის მექანიზმი უფრო მეტად, ვიდრე სესხება. იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში ჩვენ ახლახან გამოვდივართ პანდემიური პერიოდიდან, მაგრამ შეიქმნა ახალი გამოწვევები, ახალი შოკებია ეკონომიკისთვის საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე.

გვესმის, რომ ეს მხარდამჭერი პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც ნამდვილად შეასრულებს პრევენციულ როლს და მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ, ერთი მხრივ მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მეორე მხრივ, შევინარჩუნოთ და ვიზრუნოთ ეკონომიკურ ზრდაზე. პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად განვითარებაზე ორიენტირებული ჩვენი რეფორმების განხორციელებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის პროგრამის არსებობა ასევე ძალიან კარგი მესიჯია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებისთვის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისთვის, ზოგადად დონორებისთვის და ვფიქრობ, ეს მოგვცემს საშუალებას, მხარდაჭერა რეფორმების განგრძობადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით იყოს მკაფიოდ გაცხადებული ჩვენი ხელისუფლების მიერ. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და კონსტრუქციული, ნაყოფიერი განხილვები სსფ-სთან. იყო არაერთი შეხვედრა, გაიცვალა პრიორიტეტები ჩვენი მხრიდან. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს მიზნებზე, თანმიმდევრულ ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების კუთხით ჩვენს ნაბიჯებზე, რომელიც სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხედვასთან.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სავალუტო ფონდის ყველა თანამშრომელს, განსაკუთრებით ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, სელიმ ჩაკირს. ასევე განსაკუთრებული მადლობა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსს და ყველა კოლეგას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იქნება, იქნება გახსნილობის ნათელი მაგალითი და იმის, თუ როგორი ერთგული ვართ ჩვენ, რომ გავაგრძელოთ ეკონომიკური რეფორმები, რომელიც საბოლოოდ, ქვეყანას თვისობრივად ეკონომიკური განვითარების კუთხით ახალ საფეხურზე გადაიყვანს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველომ და სავალუტო ფონდმა სამწლიან, 289 მლნ დოლარის (210 მლნ SDR) მოცულობის მხარდამჭერ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნული თანხა საქართველოს კვოტის 100%-იან ოდენობას ითვალისწინებს.