ლევან დავითაშვილი - კომპანიის მიერ ტერიტორიის შეძენა და საქმიანობა ორი სხვადასხვა რამაა  
ლევან დავითაშვილი - კომპანიის მიერ ტერიტორიის შეძენა და საქმიანობა ორი სხვადასხვა რამაა  

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „არ ემ ჯი გოლდის“ საქმიანობა და აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ დმანისის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის აღება, სხვადასხვა რამეა.

როგორ წარიმართება აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საქმიანობა, მინისტრის თქმით, ამის წესი კანონმდებლობითაა გაწერილი.

„ტერიტორიის შეძენა და საქმიანობა არის ორი სხვადასხვა რამ. შეძენის შემდეგ საქმიანობა როგორ წარიმართება, ამას აქვს თავისი, კანონმდებლობით გაწერილი წესები აქვს. ამ წესების ნაწილში, ნებართვას მათ შორის ეკოლოგიური და გარემოზე ზემოქმედების, ჩვენი სამინისტრო გასცემს, რასაც თავისი პირობები და წესები აქვს. ამ თემაზე მას შემდეგ ვიმსჯელოთ, როდესაც ჩვენთან იქნება მიმართვა ნებართვაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კომპანიის საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არ ემ ჯის“ მიმართ უწყებას არაერთი შენიშვნა აქვს.

„რაც შეეხება ამჟამინდელ და წარსულ საქმიანობას, ორი ტიპის პრობლემაა – ერთი მიმდინარე საქმიანობის პროცესში გარემოს დაცვითი ნებართვის ნაწილში გარკვეული დარღვევებია, რომელზეც რეაგირება გარემოს დაცვის დეპარტამენტს ჰქონდა; მეორე წარსული ზიანია გარემოზე, რომლის გამოსწორებაც არის ჩვენი მიზანი. ესეც კომპლექსური საკითხია და ჩვენი კანონმდებლობა დღეს ისეთი მოწყობის არის, რომ არ გვაძლევს შესაძლებლობას რეალური ადეკვატური პასუხი გავცეთ გამოწვევებსა და პრობლემებზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

შესაბამისად, მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობს.

„ამ საკანონმდებლო ინიციატივით მალე წარვსდგებით პარლამენტში იმისთვის, რომ გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ზიანის გამოსწორება ევროპული დირექტივების შესაბამისად მოხდეს“, – განაცხადა მინისტრმა.

დმანისში 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე ელექტრონული აუქციონი ამ დრომდე გრძელდება. ნაკვეთის საწყისი ფასი აუქციონზე 15 ათას ლარს შეადგენდა და აუქციონის მიმდინარეობისას უკვე 600 ათას ლარს აჭარბებს. აუქციონში სამი პრეტენდენტი მონაწილეობს, მათ შორისაა „არ ემ ჯი გოლდი“ და „დმანისის გადარჩენის ფონდი“, რომელშიც 14 პოლიტიკური პარტია ერთიანდება. მესამე პრეტენდენტი უცნობია.