დმანისში 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის ფასი აუქციონზე 600 ათას ლარს აჭარბებს  
დმანისში 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის ფასი აუქციონზე 600 ათას ლარს აჭარბებს  

დმანისის ტერიტორიაზე 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე ელექტრონული აუქციონი ამ დრომდე გრძელდება.

აუქციონში სამი  პრეტენდენტი მონაწილეობს, მათ შორისაა „დმანისის გადარჩენის ფონდი”, რომელიც 14 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს. ასევე, აუქციონის მონაწილეა კომპანია „არ ემ ჯი გოლდი“.  მესამე პრეტენდენტის ვინაობა კი, უცნობია.

ბოლო მონაცემებით, 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ფასი აუქციონზე 600 ათას ლარს აჭარბებს. საწყისი ფასი კი, 15 ათასი ლარი იყო.

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი ფონდი დანებებას არ აპირებს და აუქციონს ბოლომდე გაჰყვება.

„გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შევაჩეროთ ეს უკანონობა. ხომ ააფეთქეს საყდრისი ყაჩაღიანი, აღარ მივცემთ ამის საშუალებას ხელმეორედ. კონკრეტული მექანიზმი ვიპოვეთ, თუ როგორ შევაჩეროთ „არ ემ ჯი გოლდი“. არც დანებებას ვაპირებთ. ბოლომდე მივყვებით“, – განუცხადა პირველ არხს „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომლის პარტია „დმანისის გადარჩენის ფონდში“ ერთიანდება.