ლევან დადუნაშვილის მამა - აქციაზე ჩემი გამოსვლიდან ნახევარ წუთში სუს-ის აგენტად მომნათლეს
ლევან დადუნაშვილის მამა - აქციაზე ჩემი გამოსვლიდან ნახევარ წუთში სუს-ის აგენტად მომნათლეს

აქციაზე ჩემი გამოსვლიდან ნახევარ წუთში სუს-ის აგენტად მომნათლეს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამამ დავით დადუნაშვილმა განაცხადა.

„ჩემი შემობრუნებიდან არ გასულა ხუთი წუთი, სანამ სახლში ავედი, ტელეფონით მირეკავენ და ვგებულობ, რომ თურმე სუს-მა მომაცილა, ვის მოაფიქრდა ამნაირი სისულელე, რაში დასჭირდა“, – განაცხადა დავით დადუნაშვილმა.

მისი თქმით, აქციაზე ნათესავის მანქანით მივიდა და არავითარი სახელმწიფო მანქანა ის არ ყოფილა.

„დავურეკე ჩემი ნათლიის შვილს, დავჯექით მის მანქანაში და წამოვედით, არავითარი სუს-ის მანქანა ის არ ყოფილა, ზუსტად მაგის დასაფიქსირებლად მოვედი აქ. ჩემი გამოსვლიდან ნახევარ წუთში სუს-ის აგენტად მოვუნათლივარ“, – განაცხადა დავით დადუნაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ჟურნალისტმა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის მშობლები პარლამენტის წინ გუშინ გამართულ აქციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიყვანა.