ლევან ბერძენიშვილი - ჩვენ მოვედით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს დავუჭიროთ მხარი
„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „რესპუბლიკელები“ მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ. ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში განაცხადა, სადაც თამარ კორძაიასა და ხათუნა სამნიძესთან ერთად იყო მისული.
„ჩვენ მოვედით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს დავუჭიროთ მხარი, გაერთიანებულ ოპოზიციასთან კავშირზე საუბარი არ გვქონია.
„რესპუბლიკური პარტია“ იმ რესურსებით, რაც მას აქვს, გრიგოლ ვაშაძეს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს, მხარს უჭერს.
რა საშუალებებიც გვაქვს ორგანიზაციებში, მხარს ისე დავუჭერთ, როგორც შევძლებთ, ინტელექტუალურადაც“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ახლა საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ორი არჩევანია.
„მხარი ან სალომე ზურაბიშვილს ან გრიგოლ ვაშაძეს უნდა დაუჭირო. ყველა სხვა გადაწყვეტილება პოლიტიკური კრახია. პოლიტიკური პარტია, რომელიც საერთოს ამ ორს შორის ვერ პოულობს, ფაქტობრივად, თვითგანადგურების გზას ადგას. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთები თავიანთ მოსაზრებებს გადახედავენ“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებთან კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრას პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც დაესწრო.