ლევან ბერძენიშვილი - გამჭვირვალობაზე პროექტს თუ გაიტანენ, ჩათვალეთ, არჩევნები აღარ ჩატარდება, მათ რიგებში, ვინც თურმე 20%-ით ფინანსდება, აღმოჩნდება ნახევარი პოლიტიკური ისტებლიშმენტი
ლევან ბერძენიშვილი - გამჭვირვალობაზე პროექტს თუ გაიტანენ, ჩათვალეთ, არჩევნები აღარ ჩატარდება, მათ რიგებში, ვინც თურმე 20%-ით ფინანსდება, აღმოჩნდება ნახევარი პოლიტიკური ისტებლიშმენტი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს თუ გაიტანენ, ჩათვალეთ, რომ საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდება. მათ რიგებში, რომლებიც თურმე 20 პროცენტით ფინანსდებიან, აღმოჩნდება ნახევარი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მთელი ენჯეოსექტორი, – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბერძენიშვილის თქმით, ნათელია, რომ ხელისუფლება სამშობლოს ღალატის გზას დაადგა და თავის დროზე ყველანი გასამართლდებიან.

„ჩვენმა ხელისუფლებამ ჭკუა ვერ ისწავლა. წინა შემთხვევაში მას ძალიან სერიოზული სილა გააწნა საზოგადოებამ და აიძულა, მიღებული კანონი უკან წაეღო. ახლა გვამოწმებენ, ხომ არ დაგვავიწყდა, ვინ ვართ, რა ვართ. რატომ აკეთებენ ამას, ვერ გეტყვით, რადგან დარწმუნებული ვარ, ზუსტად იგივე პასუხი იქნება და ამ კანონს ვერ გაიტანენ. ამ კანონპროექტს თუ გაიტანენ, ჩათვალეთ, რომ საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდება, რადგან იმ ორგანიზაციების რიგებში, რომლებიც თურმე 20 პროცენტით ფინანსდებიან, აღმოჩნდება ნახევარი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მთელი ენჯეოსექტორი და სხვა. მოკლედ, ვერავინ არჩევნებში მონაწილეობა ვერ უნდა მიიღოს და მარტო თვითონ უნდა იყვნენ“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დაინიცირდა. ცვლილებები მომავალი კვირის ორშაბათს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა დაიწყება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდა ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა და წარდგენილია შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.