ლევან ბეჟაშვილი - სოფელ ატოცის ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს გარკვეული კითხვები და მიუღებლობა
ლევან ბეჟაშვილი - სოფელ ატოცის ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს გარკვეული კითხვები და მიუღებლობა

სოფელ ატოცში სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გუშინდელ ინციდენტზე ჩვენც გვაქვს გარკვეული კითხვები და მიუღებლობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და ასევე, აღნიშნა, რომ მას პასუხი არჩევნების გზით უნდა გაეცეს.

„როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი საოკუპაციო ხაზს უწოდებს საზღვარს, როცა ოკუპირებულ ტერიტორიას მოსაზღვრე, მეზობელ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებად გულისხმობს, როცა პრეზიდენტობის კანდიდატის სიტყვები და ციტატები პირდაპირ არის გამოყენებული ჰააგის ტრიბუნალში საქართველოს წინააღმდეგ ჩვენი მტრის მიერ, ძალიან ძნელია ემოციის შენარჩუნება, თუმცა გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები და გარკვეული მიუღებლობა, რადგან მიუხედავად ამ მძიმე ფაქტებისა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს და მის განცხადებებს უკავშირდება, მთავარი პასუხი უნდა გაეცეს არჩევნების გზით, ხალხის მიერ, საარჩევნო ბიულეტენის საშუალებით“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისი შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო ითხოვს, ნებისმიერი დებატი გარკვეული ლოგიკის და კანონიერების ფარგლებში წარიმართოს.

„ამომრჩეველს უნდა მივცეთ საშუალება, თავისი პოზიცია მშვიდობიანად და ნორმალურად გამოხატოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს გუშინ ატოცში ყოფნისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.