ლევან ბეჟაშვილი - საქართველოს კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი საერთაშორისო ასპარეზზე აღარ აქვს, ამიტომ ვინ დაინიშნება, სახელსა და გვარს მნიშვნელობა აღარ აქვს
ლევან ბეჟაშვილი - საქართველოს კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი საერთაშორისო ასპარეზზე აღარ აქვს, ამიტომ ვინ დაინიშნება, სახელსა და გვარს მნიშვნელობა აღარ აქვს

აშშ-ში საქართველოს ელჩად დავით ზალკალიანის დანიშვნა საერთოდ არაფერს ნიშნავს, რადგან ხელისუფლებას მკვეთრად გამოხატული საგარეო კურსი არ გააჩნია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, რაღაც განსაკუთრებული მისიით აშშ-ში ზალკალიანის გაგზავნა წარმოუდგენელია, რადგან, მისივე თქმით, ეს არის ჩვეულებრივი საკადრო გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობებზე საკუთარი გარემოცვის დანიშვნას ცდილობს.

„ახალ მინისტრს საკმარისი გამოცდილება არ აქვს და ის, რომ ოდესღაც რომელიღაც ქვეყნის დიპლომატიურ მისიაში საქმიანობდა, ეს არ არის დასტური იმის, რომ აქვს მკვეთრი წარმოდგენა საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ და იმ ამოცანების შესრულება შეუძლია, რაც ქვეყანას გააჩნია. რეალურად, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა, რომ საგარეო ასპარეზზე საქართველო არ უნდა აქტიურობდეს. საქართველოს კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი საერთაშორისო ასპარეზზე აღარ აქვს, ამიტომ ვინ დაინიშნება, სახელსა და გვარს მნიშვნელობა აღარ აქვს“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დავით ზალკალიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.