ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებები გახარიას  დაკავშირებით იგივეა, მაგრამ მნიშვნელოვანია ამომრჩევლის ინტერესი, ოპოზიციურ ქალაქს ჰყავდეს ოპოზიციური საკრებულო
ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებები გახარიას დაკავშირებით იგივეა, მაგრამ მნიშვნელოვანია ამომრჩევლის ინტერესი, ოპოზიციურ ქალაქს ჰყავდეს ოპოზიციური საკრებულო

„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებები გიორგი გახარიას ფიგურასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით იგივეა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამომრჩევლის ინტერესი, რომ ოპოზიციურ ქალაქს ჰყავდეს ოპოზიციური საკრებულო, – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ამ კომენტარით მან შეაფასა ის ფაქტი, რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი აირჩიეს.

„ქართულმა ოცნებამ“ არსებული პოლიტიკური ვითარება რეალურად უნდა შეაფასოს, რადგან მმართველმა გუნდმა დიდი ქალაქები წააგო. რუსთავი არის ოპოზიციური ქალაქი, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობამ ოპოზიციას მხარი დაუჭირა. ამიტომ, საკრებულოში ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც გამომდინარეობს არა პოლიტიკური ინტერესებიდან, არამედ ამომრჩევლის. მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებები შესრულდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებები გიორგი გახარიას ფიგურასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით იგივეა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამომრჩევლის ინტერესი, რომ ოპოზიციურ ქალაქს ჰყავდეს ოპოზიციური საკრებულო, რომელიც იმ დაპირებებს შეასრულებს, რაც მოქალაქეებს მივეცით“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი. კენჭისყრის შედეგად, შეროზიამ 18 ხმა მიიღო. მას „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი.