ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ელჩთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებები მტკიცებულებას მოკლებული არ იქნება
ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ელჩთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებები მტკიცებულებას მოკლებული არ იქნება

როდესაც ელჩი მთავარ პრობლემას ხედავს კერძო თანამდებობის პირის საჯარო განცხადებებში, ბუნებრივია, ეს ელჩის პრობლემაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა საქართველოში უკრაინის ელჩთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი შეფასებით, ელჩი, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, უნდა ზრუნავდეს თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვაზე და ამ შემთხვევაში, „უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი მეეზღვაურების საქმეებზე“.

„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დღეს მთავარი პრობლემა არის უკანონოდ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები, არც სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, არც მტკიცებუულებები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკანოდ ჰყავთ მძევლად აყვანილი. როდესაც ელჩი მთავარ პრობლემას ხედავს კერძო თანამდებობის პირის საჯარო განცხადებებში, ბუნებრივია, ეს არის ელჩის პრობლემა, რადგან ზოგადად, ელჩი, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, უნდა ზრუნავდეს თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, ამ შემთხვევაში უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი მეეზღვაურების საქმეებზე. ამიტომ, მთავარი განმსაზღვრელი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის სტატუსთან და განცხადებებთან მიმართებაში არის პრეზიდენტ ზელენსკის, მთავრობის მხარდაჭერა და რაც მთავარია, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფოსათვის ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს.

„ამიტომ მთავარი მხარდაჭერა მას გარანტირებული აქვს და ბუნებრივია, ელჩმა უნდა იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთოებების გამწვავების პრობლემა არის არა კონკრეტულ რაიმე საჯარო განცხადებებში, არამედ მეზღვაურების უკანონო დაკავების ფაქტში, რომელსაც დღესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მანიპულირებისთვის იყენებს“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „თქვენ საუბრობთ ელჩის განცხადებებზე, მაგრამ არ საუბრობთ სააკაშვილის შეფასებებზე – „მექრთამე“, „ღრმად კორუმპირებული“, რამდენად სწორია ასეთი შეფასებები დიპლომატის მისამართით?“, – ბეჟაშვილი პასუხობს, რომ სააკაშვილის განცხადებები საფუძველს და არც კონკრეტულ მტკიცებულებას არ იქნება მოკლებული.

„მიხეილ საააკაშვილი არის საჯარო მოღვაწე, თანამდებობის პირი უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ამიტომ მის მიერ გაკეთებული კონკრეტული განცხადებები, ბუნებრივია, არ იქნება არც საფუძველს და არც კონკრეტულ მტკიცებულებას მოკლებული, ამიტომ ის აკეთებს მისი მთავრობის და პრეზიდენტის ლეგიტიმაციიდან გამოწვეულ შესაბამის განცხადებას. ამ შემთხვევაში მთავარი არის უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული უკვე ღრმა პრობლემა, რომელიც მეზღვაურების უკანონოდ დაკავების ფაქტს ეხება.

კობახიძეზე, მდინარაძეზე, გახარიაზე ჩვენ ვამბობთ ღრმად კორუმპირებულები, მექრთამეებიო და მტკიცებულებებით ვამაგრებთ ხოლმე, ბუნებრივია, პოლიტიკოსებისაგან, რომლებსაც აქვთ კონკრეტული მტკიცებულებები ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს განცხადებები მისაღებია, ჩვეულებრივი პოლიტიკური დღის წესრიგია. ამიტომ მიხეილ სააკაშვილსაც აქვს საფუძვლები, გააკეთოს ეს განცხადებები, მით უფრო, როდესაც ელჩი არ ასრულებს თავის კონკრეტულ მოვალეობას, არ იცავს უკანონოდ დაკავებული მეზღვაურების უფლებებს და სხვა პრობლემას ხედავს რომელიმე თანამდებობის პირის საჯარო განცხადებებში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებულს უწოდებს. სააკაშვილი კომენტარს აკეთებს უკრაინის ელჩის განცხადებაზე და აღნიშნავს, რომ დოლგოვი „საბჭოთა ფუნქციონერია“.

„საქართველოში უკრაინის ელჩი, ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ პოროშენკომ დანიშნა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი მიზნით, გადარჩა ზელენსკის დროს და განაგრძობს საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის იმიჯის შელახვას. ეს სწორედ ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში მუშაობდა, რომ უკრაინელი სახალხო დეპუტატები არ გამგზავრებულიყვნენ, როგორც დამკვირვებლები, საქართველოში გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მანამდე, უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.

მისი თქმით, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები არ ეხმარებათ ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროსა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით. იგორ დოლგოვის განმარტებით, იმედი აქვს, ერთი კონკრეტული პირის – უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქის კონკრეტული აზრი ვერ დააზიანებს ორი ქვეყნის მეგობრობას.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც უწყება მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებს, თავი შეიკავოს მეგობარ სახელმწიფო საქართველოში დამოურჩლებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან.

უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის მისამართით ბრალდებებს არანაირი მტკიცებულებები არ გააჩნია, ბრალმდებლის ემოციების გარდა, უკრაინული დიპლომატია ამაზე არ მოცდება.

დატოვე კომენტარი