ლევან ბეჟაშვილი - ხელისუფლების მიერ ცესკო-სთან არამართლზომიერი ძალის გამოყენებამ დიალოგის ჩაშლა განაპირობა
ლევან ბეჟაშვილი - ხელისუფლების მიერ ცესკო-სთან არამართლზომიერი ძალის გამოყენებამ დიალოგის ჩაშლა განაპირობა

დიალოგის ჩაშლა უკავშირდება იმ არაადეკვატური, არამართლზომიერი ძალის გამოყენებას, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა ცესკო-სთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პროცესი დიალოგის ფორმატში გადაიზარდოს.

„შეიძლება, ცალკეული პოლიტიკური ლიდერი ამა თუ იმ ელჩთან პოლიტიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებდეს. ამ პროცესში ხელისუფლება კიდევ არაადეკვატურად, არამართლზომიერად იყენებს ძალას. ჩვენ ვნახეთ, რომ ცესკო-სთან ხალხის მშვიდობიან პროტესტზე ხელისუფლებას არაადეკვატური მოქმედებები ჰქონდა. ბუნებრივია, ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი აღარ ექნებოდა, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესი დიალოგის ფორმატში გადაიზარდოს. მთავარი ამოსავალი დებულება უნდა იყოს ის, რაც 31 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა განახრციელა, რომ მხარი დაუჭირა ოპოზიციის კოალიციურ მმართველობას“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ამასთან, ბეჟაშვილი უარყოფს პარტიაში რაიმე სახის დაპირისპირებას.

„არანაირ პარტიულ დაპირისპირებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. მან განცხადება გააკეთა თავისი შეხედულებით, საელჩოების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებიც მისი შეხედულებით მიმდინარეობდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიალოგის ჩაშლა უკავშირდება იმ არაადეკვატური, არამართლზომიერი ძალის გამოყენებას, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა ცესკო-სთან. როდესაც მეორე მხარე იარაღის და ძალაუფლების ენით გელაპარაკება, იქ მოლაპარაკებები ვერ შედგება.

პარტიულ დაპირისპირებას გამოვრიცხავ, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არსებობდა. რა თქმა უმდა. ცალკეული ადამიანები ინფორმირებულები იქნებოდნენ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა, რომ დიპლომატების ჩართულობით დიალოგი მიმდინარეობდა, რომელიც ჩაიშალა. ვაშაძე არ აკონკრეტებს, რა გახდა ჩაშლის მიზეზი, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია სწორედ ამ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა.