ლევან ბეჟაშვილი - ჩვენ მიერ მომზადებულ კანონპროექტში ოლიგარქის სტატუსისთვის მთავარი განმსაზღვრელია, იყენებ თუ არა სახელისუფლო რესურს პირადი, ეკონომიკური თუ სხვა ინტერესებისთვის
ლევან ბეჟაშვილი - ჩვენ მიერ მომზადებულ კანონპროექტში ოლიგარქის სტატუსისთვის მთავარი განმსაზღვრელია, იყენებ თუ არა სახელისუფლო რესურს პირადი, ეკონომიკური თუ სხვა ინტერესებისთვის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი ქართულ კონტექსტს ითვალისწინებს.

მისივე თქმით, კანონპროექტი მიმართული არ არის კონკრეტული სახელისა და გვარის წინააღმდეგ.

ამასთან, როგორც ლევან ბეჟაშვილი ამბობს, პროექტის თანახმად, საქმეები საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს და ოლიგარქის სტატუსი პირებს საკონსტიტუციო სასამართლომ მიანიჭოს.

„კანონპროექტი ოლიგარქიული მმართველობის პრობლემებთან დაკავშირებით ქართულ კონტექსტს ითვალისწინებს და შეიცავს ოლიგარქიული მმართველობის ნიშნებს, კრიტერიუმებს. ეს კანონპროექტი არ არის მიმართული რომელიმე ერთი კონკრეტული სახელისა და გვარის წინააღმდეგ, პროექტი ითვალისწინებს იმას, რომ მომავალში არ მოხდეს ოლიგარქიული მმართველობის შემოღება. ცვლილებები იმით არის განსხვავებული, რომ სახელი და გვარები არ უნდა იკითხებოდეს. ოლიგარქის სტატუსის მინიჭება უკავშირდება არა რომელიმე პოლიტიკურ და სახელისუფლო ორგანოს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს. პროცესი უნდა იყოს პოლიტიკური შინაარსისგან თავისუფალი და ოლიგარქის სტატუსის მინიჭება, ოლიგარქიული ნიშნების დადგენა იურიდიული სამართლებრივი სამართალწარმოების საფუძველი უნდა იყოს. ამიტომ შევთავაზეთ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეების განხილვის მოდელი. პროექტს სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. ვინაიდან ოლიგარქის სტატუსის მინიჭება უფლებრივ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული, ჩვენი აზრით, მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია ამ უფლებრივ შეზღუდვებზე საუბარი და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოდელის შემოღება ამ პროცესს პოლიტიკური კონიუქტურისგან და პოლიტიკური შინაარსისგან გაათავისუფლებს. მთავარი განმსაზღვრელია, იყენებ თუ არა სახელისუფლო რესურს  პირადი, ეკონომიკური თუ სხვა ინტერესებისთვის. ეს არის ოლიგარქის სტატუსის ამოსავალი, მან ზეგავლენა უნდა განახორციელოს მთავრობაზე, მუნიციპალიტეტებზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, იცავს თუ არა კანონპროექტი დავით კეზერაშვილს, ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარია კონცეფცია და არა ის, ვის დაცვას ახორციელებენ.

„ახლა ვის დაცვას ვახორციელებთ, ეს იქნება კეზერაშვილი, მანამდე ჯაფარიძე-ხაზარაძის გვარები მოიხსენიებოდა, ეს განმსაზღვრელი არ არის. მთავარია კონცეფცია და რას მივიჩნევთ ოლიგარქად. შეიძლება, მდიდარი ადამიანი არსებობდეს, მაგრამ მის ჭკუაზე, სურვილებზე სამთავრობო დაწესებულებები არ დადიოდნენ და ქვეყნის მართვა არ ხორციელდებოდეს. ოლიგარქიული მმართველობა იმიტომ არის საფრთხის შემცველი, რომ ხელისუფლების წყარო ხალხი კი არ არის, არამედ ოლიგარქი“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, „ოპოზიციის ტელევიზიებს თუ აფინანსებს პირი, არის თუ არა ის ოლიგარქი“, ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ ოლიგარქად ვერ ჩაითვლება, რადგან მთავარი პოლიტიკურ, სახელისუფლო გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის განხორციელებაა.

„ოლიგარქად არ ჩაითვლება, რადგან მთავარია პოლიტიკურ, სახელისუფლო გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის განხორციელება“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა.