ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ექვსი ოლქის გარდა, ყველა სხვა ოლქში საკუთარ კანდიდატს დაასახელებს
ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ექვსი ოლქის გარდა, ყველა სხვა ოლქში საკუთარ კანდიდატს დაასახელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილის თქმით, რეგიონებში, და მათ შორის დიდ ქალაქებში, მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე მოლაპარაკება და შეთანხმება დღის წესრიგში არ დგას.

როგორც ბეჟაშვილი განმარტავს, გარდა თბილისის ექვსი ოლქისა, სადაც ოპოზიცია საერთო კანდიდატების წარდგენას გეგმავს, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ყველა სხვა ოლქში საკუთარ კანდიდატს დაასახელებს.

„როდესაც თბილისის ოლქებთან დაკავშირებით განვაცხადეთ, რომ ორ მაჟორიტარს წარვადგენთ, იქვე იყო დათქმა, რომ პარტიული და პროპორციული ინტერესი მოითხოვს, ყველა პარტიას წარდგენილი ჰყავდეს რეგიონებში თავისი პარტიის წარმომადგენლები და კანდიდატები.

ამ ეტაპზე არ განიხილება სხვადასხვა ოლქებში მოლაპარაკებების წარმოება. ჩვენ ყველა ოლქში დავაყენებთ კანდიდატებს. თუმცა, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერისა და ელექტორალური წონიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ცალკეულ კანდიდატებთან თუ პარტიებთან მოლაპარაკებები ჩაირთოს და გაგრძელდეს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის რვა მაჟორიტარულიდან ექვს ოლქს თმობს და საარჩევნო კამპანიას მხოლოდ სამგორსა და გლდანში იწყებს.