ლევან ახვლედიანი - ორ თვეში კონკრეტული შეთანხმების მიღწევა არარეალისტური, ზოგადად ვადაზე საუბარი კი, არაკონსტრუქციულია
ლევან ახვლედიანი - ორ თვეში კონკრეტული შეთანხმების მიღწევა არარეალისტური, ზოგადად ვადაზე საუბარი კი, არაკონსტრუქციულია

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ვადის წლის ბოლომდე განსაზღვრა არაადეკვატურია, – ამის შესახებ დეპუტატებთან შეხვედრაზე კონსორციუმის დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ზოგადად ვადაზე საუბარი არაკონსტრუქციულია.

„წლის ბოლომდე ვადა კონსორციუმისთვის არის აბსოლუტურად არაადეკვატური. ვადაზე საუბარი ზოგადად, არის არაკონსტრუქციული. სამი საკითხია, რომელთა მოგვარება სულ მცირე, მოლაპარაკებებით უნდა დაიწყოს. ხაზგასმით ვამბობ, ჩვენ არ ვითხოვთ ამ პირობებს, ეს ჩვენი მოთხოვნები არ არის. ბანკების, ინვესტორების და ოპერატორის მიერ წაყენებული მოთხოვნებია. სულ მცირე, ხომ უნდა დავიბაროთ ეს ხალხი, გავმართოთ მათთან შეხვედრა. ჩემი აზრით, ორი თვის განმავლობაში კონკრეტული შეთანხმების მიღწევა, რა თქმა უნდა, არარეალისტურია“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

კონსორციუმის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სერიოზული პროგრესის მიღწევა შესაძლებელია და ყველა რიტორიკა ამისკენ უნდა იყოს მიმართული.

„იმის თქმა, რომ ეს ბოლო შანსია და ორი თვის თავზე მორჩა, გათავდა, არასერიოზულია, ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლებლობა გვაქვს, ეს პროექტი ძალიან იოლად, მარტივი სამი საკითხის გადაწყვეტით გავიყვანოთ ბოლოში და წარმატებით განვახორციელოთ“, – განაცხადა ახვლედიანმა და განმარტა, რომ აღნიშნული საკითხები ეხება ინვესტორების მხარდაჭერას, ბანკების მხრიდან ტვირთბრუნვის გარანტიის დაზღვევის მოთხოვნას და პორტის ოპერატორის (ამერიკული SSA MARINE) მოთხოვნას, რომ მთავრობა სხვა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში არ ჩაერთვება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ამოეწურა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 16 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობა აძლევს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.

წლის ბოლომდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ შემდეგი ვალდებულბებები უნდა შეასრულოს: შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე; საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება; ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა; პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება.