„ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ნაწილს კომპენსაცია გადაეცა
„ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ნაწილს კომპენსაცია გადაეცა

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახების ნაწილს კომპენსაცია უკვე გადაეცა,- ამის შესახებ პირველ არხს სასტუმროს ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა.

წერეთელი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოში სასტუმროს თანამშრომელთა დაკითხვა და სასტუმროში ექსპერტების მუშაობა ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

„რაც შეეხება კომპენსაციის გაცემას, გარდაცვლილთა ოჯახების ნაწილს, 5 ოჯახს, სასტუმრო „ლეოგრანდის“ ხელმძღვანელობის მიერ კომპენსაცია უკვე გადაეცა, ნაწილთან ამ დრომდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. უკვე ცნობილია, რომ მფლობელები დაიკითხნენ. აქტიურად იკითხებიან სასტუმროს თანამშრომლები, სასტუმროში კი ექსპერტები მუშაობენ. მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოძიებაც. რაც შეეხება თავად მომხდარ უბედურებას, ამ საქმეში რაიმე სიახლე ჯერ არ გვაქვს“, –  განაცხადა კახა წერეთელმა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.