„ლეოგრანდის“ მენეჯმენტი ხანძრისას დაღუპულთა ახლობლებს შეხვდა
„ლეოგრანდის“ მენეჯმენტი ხანძრისას დაღუპულთა ახლობლებს შეხვდა

სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები ხანძრის შედეგად დაღუპულთა ახლობლების ნაწილს შეხვდნენ.

ამის შესახებ სასტუმროს ადვოკატმა კახაბერ წერეთელმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარი სხვადასხვა საკითხებზე წარიმართა, თუმცა შინაარსის დაკონკრეტებისგან იგი თავს იკავებს.

„შეხვედრა ნამდვილად შედგა, შევხვდით ახლობლებს. საუბარი შეეხო სხვადასხვა საკითხს, მათ შორის კომპენსაციებს; თუმცა, შინაარსის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ“, — განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

ადვოკატის განცხადებით, სასტუმროში ისევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტები ჯერ კიდევ სწავლობენ ცალკეულ დეტალებს.  გრძელდება თანამშრომელთა გამოკითხვის პროცესიც. თუმცა, როგორც იგი აცხადებს, გამოძიების სხვა დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს.

24 ნოემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას 11 ადამიანი დაიღუპა.